მადრიდის ”რეალის” გენერალური დირექტორი, ხორხე ვალდანო მიიჩნევს, რომ ესპანეთის თასის ნახევარ-ფინალური მატჩი ”სევილიას” წინააღმდეგ ორი ეტაპისგან შედგა: პირველ ეტაპზე გუნდს გაუჭირდა, ხოლო მეორე ეტაპზე ”თეთრებს” შეექმნათ უფრო მეტი სივრცე თამაშისთვის.
”სამეფო კლუბმა” მეტოქეს 2:0 სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა.
”პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, ხოლო თამაშის მეორე ნახევარში გუნდს მიეცა უფრო მეტი სივრცე. ჩვენ ძალიან გვინდა ფინალში ”ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში. ფინალამდე 2 თვეა, ასე რომ ვნახოთ, როგორ ფორმაში იქნებიან გუნდები იმ მომენტისთვის.”- განაცხადა ხორხე ვალდანომ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის თასის ფინალი 20 აპრილს გაიმართება, სადაც ერთმანეთს კატალონიის ”ბარსელონა” და მადრიდის ”რეალი” დაუპირისპირდებიან. მანამდე კი აღნიშნული გუნდები ერთმანეთს ესპანეთის ჩემპიონატის ფარგლებში 17 აპრილს, ”სანტიაგო ბერნაბეუზე” შეხვდებიან.