ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის” შემტევი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი, ორშაბათს ბარსელონაში ჩავა და კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობასთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე ისაუბრებს. Marca-ს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც "მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა 24 წლის ფეხბურთელს "ბარსელონაში” გადასვლის ნებართვა მისცა, მხარეებმა პირად კონტრაქტთან დაკავშირებით წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ფაბრეგასის აგენტი დარენ დინი უკვე ბარსელონაშია და მოლაპარაკებას აწარმოებს, სულ მალე კი, მას თავისი კლიენტიც შეუერთდება. ამის ფონზე, კლუბებს შორის კონსესუსის მიღწევა ჯერ ვერ ხერხდება. ინგლისელები ესპანელის სანაცვლოდ ორმოც მილიონ (ზოგი წყაროების ცნობით ორმოცდახუთ მილიონ) ევროს ითხოვენ, კატალონიელები კი, ყაბულს მხოლოდ 30 მილიონის გადახდაზე არიან. ამასთან, "არსენალის” ხელმძღვანელობას მთელი თანხის ერთიანად მიღება სურს და სატრანსფერო გარიგებაში სხვა ფეხბურთელების ჩართვას კატეგორიულად გამორიცხავს, მაშინ, როდესაც "ბარსელონა” მათ ბოიან კრკიჩისა და ტიაგო ალკანტარუს სატრანსფერო უფლებას სთავაზობენ. AP-ს ინფორმაციით, არსენ ვენგერი უკვე ფაბრეგასის შემცვლელს ეძებს და ერთ-ერთ ვარიანტად, "ვესტ ჰემიდან” სკოტ პარკერის შეძენას განიხილავს.
|