amiko-sport.ucoz.c |
|
|
მთავარი » 2011 » თებერვალი » 3 » ოთარ გაბელია: “შიში ნებისმიერ მეტოქესთან წაგაგებინებს”
6:26 PM ოთარ გაბელია: “შიში ნებისმიერ მეტოქესთან წაგაგებინებს” |
გაბელიასა და შუშაკს საქართველო-ხორვატიის ერთად მოხვედრა ესიამოვნათ
"ურთულესი ჯგუფია. იყო უფრო იოლი ვარიანტები, მაგრამ წუწუნს არ ვაპირებ. ერთის მხრივ, კარგიცაა, ძლიერ გუნდებთან თამაში უფრო საინტერესოა და ბევრის სწავლა შეიძლება. კაცს რომ ძლიერთან შეხვედრის შეეშინდება, საერთოდ არ უნდა მოკიდოს ხელი საქმეს. მოკლედ, თამაშები გვანახებს” – უთხრა "მსოფლიო სპორტს” საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა, ოთარ გაბელიამ ნიონიდან, ევრო-2013-ის შესარჩევი ციკლის კენჭისყრის დასრულების შემდეგ. კენჭისყრას გაბელია და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მენეჯერი, ლევან რამიშვილი ესწრებოდნენ. ესპანეთი, შვეიცარია, ხორვატია, საქართველო, ესტონეთი – V შესარჩევი ჯგუფი დანარჩენებზე აშკარად ძლიერია. ესპანეთიც და შვეიცარიაც ევრო-2011-ის ფინალურ ეტაპზე არიან გასულები, ხორვატია გასულ შესარჩევში, ჯგუფში მეორეზე გავიდა და თვალს თუ გადავავლებთ, ესტონეთიც ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი მეტოქე იყო მეხუთე კალათიდან. გაბელიას ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცზე, ქართველებისთვის კარგად ნაცნობ ივო შუშაკზეც ვკითხეთ: "ახლა ერთად ვართ. კენჭისყრამდეც ვისაუბრეთ და ერთმანეთს ვუთხარით, ახლა ერთ ჯგუფში რომ მოვხვდეთ მეთქი... ორივეს ენამ გვიყივლა. საქართველო-ხორვატიის ერთად მოხვედრა ორივეს გვესიამოვნა”. სავარაუდოდ, ხორვატებს მძლავრი გუნდი ეყოლებათ, რადგან შარშან 19-წლამდელთა ევროჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშეს და ალბათ, მეტწილად, სწორედ ის ფეხბურთელები ეყოლებათ 21-წლამდელებშიც. შვეიცარია ყოველთვის ყოჩაღად თამაშობს 17, 19 თუ 21-წლამდელთა შორის, ესპანეთზე კი ცალკე ვთქვათ... ესპანელებს ორჯერ (1986, 1998) მოუგიათ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. პირინელთა 21-წლამდელებს წლების მანძილზე ინიაკი საესი წვრთნიდა, ამჟამად კი, გუნდს მადრიდის "რეალისა” და "ვალენსიის” ყოფილი ნახევარმცველი, ლუის მიია თავკაცობს. როგორც იცით, ევრო-2013-ის შესარჩევში (და ფინალურ ეტაპზეც) 1990 წელს დაბადებულებსა და უმცროსებს შეუძლიათ თამაში – დავიდ დე ხეას ("ატლეტიკო”), ბოიან კრკიჩს, ტიაგო ალკანტარას (ორივე – "ბარსელონა”), დავიდ პაჩეკოს ("ლივერპული”), სერხიო კანალესს ("რეალი”), ისკოს ("ვალენსია”)... შეხსენებისთვის, საქართველო-ესპანეთის 21-წლამდელები ევრო-2009-ის შესარჩევშიც ერთად მოხვდნენ და პირინეელებმა ჯგუფში რვავე მატჩი მოიგეს - ქართველებთან თბილისში 1:0, შინ კი - 4:0. მაშინ ქართველთა გუნდს ხორვატი პეტარ სეგრტი წვრთნიდა. და სადაც ესპანელებზე ვთქვით, რომელი ფეხბურთელები იქნებიან ქართველთა მთავარი იმედი შესარჩევში? ჯერ ადრეა საუბარი, რადგან არავინ იცის, ვინ როგორ მოუმატებს თამაშს და ვინ რეგრესს განიცდის. პოტენციურად კი – ჯანო ანანიძე, ლევან ყენია, გიორგი ჭანტურია, ლევან მჭედლიძე, ლევან კაკუბავა, თორნიკე ოქრიაშვილი, ნიკა ძალამიძე, გიორგი მაკარიძე, ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი შეყილაძე, ვაკო ყაზაიშვილი... და ერთიც, V შესარჩევი ჯგუფის კალენდარი შესაძლოა, დღესვე შედგეს.
|
ნანახია: 802 |
დაამატა: amirani
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|