გამართლებაცაა და გამართლებაც! ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის კენჭისყრის წინ, ვინმეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისთვის საუკეთესო ვარიანტი რომ ჩამოეწერა, ალბათ, იმაზე უკეთესს, რაც სინამდვილეში "ამოვიდა”, ცოტა თუ ივარაუდებდა. მაშ ასე, ფინალურ ეტაპზე პირველად გასული ქართველი კალათბურთელები D ჯგუფში სლოვენიას, რუსეთს, ბელგიას, ბულგარეთსა და უკრაინას ეთამაშებიან, მეორე ეტაპზე კი - თითოეული ჯგუფიდან სამი საუკეთესო გააღწევს.
ვილნიუსში გამართულ კენჭისყრას 800-მდე სტუმარი და 150 ჟურნალისტი დაესწრო, რომელთაც უშუალოდ პროცედერის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე თითოეული ქვეყნის წარდგენა იხილეს. მასპინძლებმა საქართველოს "სავიზიტო ბარათად” "სულიკო” არჩიეს, ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე ტკბილად კი თავად წილისყრა იქცა, რომელიც მხოლოდ დადებითი ემოციების მომტანი აღმოჩნდა.
მომავალ ევროპირველობაზე 24 ნაკრები ასე გადანაწილდა:
A ჯგუფი: ესპანეთი, თურქეთი, ლიტვა, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, კვალიფიკაციის გამარჯვებული 2.
B ჯგუფი: სერბეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისრაელი, იტალია, ლატვია.
C ჯგუფი: საბერძნეთი, ხორვატია, ჩერნოგორია, მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კვალიფიკაციის გამარჯვებული 1.
D ჯგუფი: სლოვენია, რუსეთი, ბელგია, საქართველო, ბულგარეთი, უკრაინა.
უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრები პირველი ჯგუფური ეტაპის მატჩებს, საპორტო ქალაქ კლაიპედაში ჩაატარებს. ქართველი კალათბურთელები ევროპის ჩემპიონატს 31 აგვისტოს გახსნიან, როდესაც ჯგუფურ ეტაპზე ჩვენს გამამწარებელ ბელგიას დაუპირისპირდებიან, 1 სექტემბერს, რუსეთთანაა თამაში, 3-ში სლოვენიას დავუპირისპირდებით, 4-ში – უკრაინას, ხოლო – 5-ში – ბულგარეთს.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საწყისი ეტაპიდან, თითოეული ჯგუფიდან სამ-სამი საუკეთესო გააღწევს, რომლებიც მე-2 რაუნდში 2 ექვსგუნდიან ჯგუფს შექმნიან, იქიდან 4-4 მოწინავე კი, ერთმანეთს მეოთხედფინალში დაუწყვილდება.
ევროპის 2011 წლის ჩემპიონატი კალათბურთში. ლიტვა. 31 აგვისტო-18 სექტემბერი
D ჯგუფი (კლაიპედა)
31 აგვისტო
ბელგია – საქართველო
რუსეთი – უკრაინა
სლოვენია – ბულგარეთი
1 სექტემბერი
ბულგარეთი – ბელგია
უკრაინა – სლოვენია
საქართველო – რუსეთი
3 სექტემბერი
უკრაინა – ბულგარეთი
რუსეთი – ბელგია
სლოვენია – საქართველო
4 სექტემბერი
ბულგარეთი – რუსეთი
საქართველო – უკრაინა
ბელგია – სლოვენია
5 სექტემბერი
საქართველო – ბულგარეთი
სლოვენია – რუსეთი
უკრაინა – ბელგია