amiko-sport.ucoz.c |
|
|
მთავარი » 2011 » თებერვალი » 7 » კენი დალგლიში: “მოგებას ტაქტიკა კი არა, მისდამი სწრაფვა განაპირობებს”
8:32 PM კენი დალგლიში: “მოგებას ტაქტიკა კი არა, მისდამი სწრაფვა განაპირობებს” |
კვირას, ლონდონის "სტემფორდ ბრიჯზე”, მიმდინარე ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთი უმთავრესი დაპირისპირება შედგა. ფერნანდო ტორესის დედაქალაქში გადაბირებით, "ჩელსიზე” განაწყენებულმა "ლივერპულმა” დასავლეთლონდონში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. კენი დალგლიშის წინამძღოლობით, ენფილდელებმა ბოლო 4 მატჩი მოიგეს და მათი გულშემატკივრები უკვე ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზეც ოცნებობენ. "ლივერპულის” სადღეისო მდგომარეობასა და სამომავლო მისწრაფებებზე კი გუნდის შოტლანდიელი მთავარი მწვრთნელის მიერ Daily Mail-სთვის მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ. - უპირველესად რით ხსნით "სტემფორდ ბრიჯზე” მოპოვებულ გამარჯვებას? - საქმეს პროფესიულად მივუდექით, ბიჭებმა მოგებისადმი ფანტასტიკური სწრაფვა გამოავლინეს. ნებისმიერი მათგანი "ჩელსის” წინააღმდეგ სათამაშოდ უაღრესად მოტივირებული გავიდა. "ლივერპულის” დღევანდელ თაობას კარგად აქვს გასიგრძეგანებული კლუბის ფილოსოფია – ლეგენდარულ გუნდს ის ფეხბურთელი წარმოადგენს, რომელიც კონკრეტულ მატჩში იცავს მის ღირსებას. "ლივერპულში” თაობათა სათანადოდ მონაცვლეობის საკითხი მაღალ დონეზეა, ამიტომაც გუნდი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მოწინავეთა შორისაა. "ჩელსის” დამარცხება კი ერთბაშად რამდენიმე ასპექტითაა გამოსაყოფი. მათგან ყველაზე მთავარი ისაა, რომ ზედიზედ მეოთხე მოგება ვიზეიმეთ, თანაც ამ შეხვედრებში გოლი არ გაგვიშვია. ეს ფაქტი ყველას - მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, კლუბის ხელმძღვანელებს და გულშემატკივრებს ძალიან გვახარებს. - გასული სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს განხორციელებული გარიგებები "ლივერპულისთვის” დამატებითი მოტივაცია არ იყო? - შეგეძლოთ, რომ პირდაპირ გეხსენებინათ ფერნანდო ტორესის "ენფილდიდან” "სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლა გამაღიზიანებელ მომენტს ხომ არ წარმოადგენდა. პირდაპირ მოგახსენებთ – ლონდონს 3 ქულის მოსაპოვებლად ყოველგვარი შურისძიების გრძნობის გარეშე ვეწვიეთ, ხოლო თუკი ვინმეს პირადი კარიერის შეცვლა სურს, ეს მისი საქმეა და უფლება არ გვაქვს, რომ ხელი შევუშალოთ. მოწინააღმდეგის გუნდის ცალკეული მოთამაშეები იოტისოდენადაც არ მაინტერესებს. მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე ვფიქრობ, რომლებიც "ლივერპულის” წითელი მაისურით გადიან საასპარეზოდ. რადგან სატრანსფერო თემას შეეხეთ, მოგახსენებთ, რომ ლუის სუარესისა და ენდი კეროლის გადმოყვანით ძალიან კმაყოფილები ვართ. ოღონდ ერთია – მათ "ლივერპულის” ძირითადში დასამკვიდრებლად თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოავლინონ. "ჩელსისთან” ჩატარებულმა მატჩმა დაადასტურა, რომ ლუისსაც და ენდისაც სასტარტო შემადგენლობიდან რომელიმე პარტნიორის "ამოგდება” გაუჭირდებათ. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ფრიად წარმატებულად ვითამაშეთ და მოუთმენლად ველი სეზონის დასკვნით ნაწილს. - უკანასკნელ მატჩებში "ლივერპულს” "არატრადიციული” სტილით, 3 ცენტრალური მცველით ათამაშებთ... - სულაც არ მიმაჩნია, რომ ამგვარი სქემა ჩვენი გუნდისთვის არატრადიციულია. ყოველთვის იმ ტაქტიკას ვირჩევთ, რომელიც ჩვენი აზრით, კონკრეტულ შეხვედრაში, კონკრეტული მეტოქის წინააღმდეგ წარმატებას მოგვიტანს. ვგონებ, ეს განლაგება "ლივერპულს” კარგად მიესადაგა და ბიჭებიც კმაყოფილები არიან. თავს დიდ ტაქტიკოსად სულაც არ მივიჩნევ, ბოლოდროინდელ გამარჯვებებს რაც შეეხება, მთავარი მოთამაშეთა განლაგება კი არა, მათი კლუბისა და საქმისადმი დამოკიდებულება და მოგებისკენ სწრაფვაა. - თქვენი აზრით, ლუის სუარესს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდება, მაგრამ ურუგვაელი სათადარიგოთა სკამზე დასასმელად ხომ არ იყიდეთ, რატომ ვერ ვიხილეთ იგი "სტემფორდ ბრიჯის” მინდორზე? - ლუისი ფანტასტიკური ფეხბურთელია, ეს მან "ლივერპულის” შემადგენლობაში ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაში გოლის გატანით დაადასტურა. სამომავლოდ მისი იმედი მაქვს. უბრალოდ, დროის მცირე მონაკვეთია საჭირო საიმისოდ, ურუგვაელი "ლივერპულს” რომ გაუშინაურდეს. სუარესი გულღია, მუდამ მომღიმარი ბიჭია და "ენფილდზე” ფეხს მალე და დიდი ხნით მოიკიდებს. - რაულ მეირელეშისგან ესოდენ შედეგიან თამაშს თუ ელოდით? პორტუგალიელმა ბოლო 5 მატჩში, 4-ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა... - რაული სადღეისოდ ბრწყინვალე ფორმაშია, მისი ტექნიკური აღჭურვილობა კი განსაცვიფრებელია. ამასთან, წვრთნის დროს ძალიან ბევრს შრომობს, რაც სრულად დაუფასდა. "ჩელსისთან” დაპირისპირებისას მეირელეში თავდასხმაში დირკ კუიტს შევუწყვილე, რამაც კარგი შედეგი მოგვცა. - ჯეიმი კარაგერმა გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ პირველად იასპარეზა. ტრიბუნიდან არ იგრძნობოდა, მას ამხელა საასპარეზო შესვენება რომ ჰქონდა... - ყველაზე გასაოცარი ისაა, როგორ მოახერხა კარაგერმა მძლავრი ფიზიკური კონდიციის მიღწევა. გაითვალისწინეთ, იგი პატარა ბიჭი რომ აღარაა და ამდენი ხნის უთამაშებლობა ფორმის აკრებისას თავის უარყოფით როლს ასრულებს. კარას მინდორზე ყოფნა მის პარტნიორებს დამატებით მოტივაციას სძენს, ამასთან, ჯეიმის თანაგუნდელების ხელმძღვანელობა და თამაშის დალაგება ხელეწიფება. კარაგერი ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია. - "ლივერპულის” სამომავლო პერსპექტივას როგორი თვალით უმზერთ? - იმავეს გეტყვით, რაც "ლივერპულში” მოსვლისას პრესკონფერენციაზე განვაცხადე – "ენფილდზე” გუნდის დასახმარებლად მიხმეს და მეც, ყველაფერს გავიღებ კოლექტივის შემდგომი განვითარებისთვის. კლუბის ხელმძღვანელებს ერთადერთხელ, მთავარ მწვრთნელად დანიშვნის დროს შევხვდი და ჩემი პოზიცია ვუთხარი. თუკი "ლივერპულის” განვითარებაში შემაფერხებელ როლს ვითამაშებ, "ენფილდს” მომენტალურად დავტოვებ. - კარლო ანჩელოტის გუნდის დამარცხების შემდეგ "ჩელსის” 6 ქულითღა ჩამორჩებით. ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზე არ ფიქრობთ? - შაბათს, "უიგან ატლეტიკთან” გვიწევს თამაში და ჯერჯერობით, ამ მატჩზე ვფიქრობ. ბანალური ფრაზაა, მაგრამ მაინც ვიტყვი – ჩემი ხანგრძლივი საფეხბურთო თუ სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, მხოლოდ მომდევნო შეხვედრის წარმატებით ჩატარებაზე ვზრუნავდი. ასე გაგრძელდება სამომავლოდაც. როდესაც "ლივერპული” ჩავიბარე, მე-12 ადგილზე ვიყავით, ამჟამად, მეექვსე პოზიციაზე ვართ. ჩემი აზრით, მცირე პროგრესი გვაქვს, დანარჩენს მომდევნო ასპარეზობები გვიჩვენებენ.
|
ნანახია: 758 |
დაამატა: amirani
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|