როგორც იცით, 3 თებერვალს შვეიცარიულ ნიონში თბილისის დროით 15:00 საათზე 21-წლამდელთა 2013 წლის ევროშესარჩევი ციკლის კენჭისყრა გაიმართება. წინასწარ ცნობილი გახდა, რომ ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან რუსეთი და საქართველო, ისევე როგორც, სომხეთი და აზერბაიჯანი. უეფამ ეს პოლიტიკური მოტივით ახსნა. სხვათა შორის, რუსეთი და საქართველო ეროვნულ ნაკრებთა შესარჩევი ტურნირის კენჭისყრისასაც (ევრო-2012) დააშორეს ერთმანეთს. "მსოფლიო სპორტს” უკვე ეწერა, მაგრამ შეხსენებისთვის: ევრო-2013-ის ფინალური ეტაპი ისრაელში გაიმართება და მასპინძლები გათავისუფლებულნი არიან შესარჩევისგან. სულ, შესარჩევში 52 ნაკრები ითამაშებს, რომლებიც 10 ჯგუფად განაწილდებიან (ორი ექვსგუნდიანი და დანარჩენი ხუთგუნდიანი), გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი (ანუ 14 გუნდი) ფლეი-ოფში გავა და შინ-სტუმრად მატჩებით გაირკვევა ის შვიდეული, რომლებიც ისრაელს დაემატებიან. კალათებიც განაწილდა – რეიტინგი შედგა 21-წლამდელთა ბოლო სამი ევროჩემპიონატის შედეგების მიხედვით და საქართველო მე-4 კალათაში მოხვდა. I - ინგლისი, ესპანეთი, ჰოლანდია, იტალია, რუსეთი, შვედეთი, ჩეხეთი, სერბეთი, გერმანია, რუმინეთი. II – შვეიცარია, უელსი, ბელარუსი, საფრანგეთი, უკრაინა, თურქეთი, ავსტრია, დანია, პორტუგალია. III – ბელგია, ხორვატია, უნგრეთი, შოტლანდია, საბერძნეთი, სლოვაკეთი, მოლდოვა, ფინეთი, სომხეთი. IV – ჩრდილოეთ ირლანდია, ჩერნოგორია, საქართველო, პოლონეტი, ლატვია, ნორვეგია, სლოვენია, ირლანდია, ბოსნია, ბულგარეთი. V – მაკედონია, ალბანეთი, ფარერები, კვიპროსი, ლიტვა, ყაზახეთი, ესტონეთი, აზერბაიჯანი, ანდორა, სან-მარინო, ლუქსემბურგი, მალტა, ლიხტენშტეინი.
|