კატალონიის "ბარსელონას" 21 ფეხბურთელიდან ათს "უემბლის" მინდორზე ბურთი უკვე გაგორებული აქვს... ბოიანი, ფონტასი, აბიდალი, პედრო, პინტო, კეიტა, ჟეფრენი, ვალდესი და მესი არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც 2009 წლის ივლისში "უემბლის" ესტუმრნენ. იმ დროს კატალონიელებს დაპირისპირება "ტოტენჰემთან" და "ალ–აჰლისთან" უწევდათ. ლონდონურ კლუბთან დაპირისპირება ფრედ, 1–1 დასრულდა, ხოლო "ალ–აჰლის" ფეხბურთელებთან ბრძოლის შემდეგ ტაბლოზე "4–1" ციმციმებდა. გოლების ავტორები კი პედრო როდრიგესი, ჟეფრენ სუარესი და ბოიან კრკიჩი გახლდნენ. ასე, რომ მათთვის "ჩემპიონთა ლიგის" ფინალის მასპინძელი სტადიონი უცხო არ იქნება. ერიკ აბიდალი "უემბლის" გასულ ნოემბერს ესტუმრა, როდესაც საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ინგლისის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ თამაშობდა. დანი ალვეშს "უემბლის თასზე" ასპარეზობა არ მოუწია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას ამ სტადიონის მინდვრებზე მაინც ურბენ–უხტუნავია. ეს 2007 წელს მოხდა, როდესაც ალვეში საკუთარი ეროვნული ნაკრებით ინგლისის ეროვნულ ნაკრებს უპირისპირდებოდა. 21 ფეხბურთელიდან თერთმეტია ისეთი, რომელსაც ამ სტადიონზე თამაშის ბედნიერება არ რგებია. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ ფეხბურთელებს შორის პიკესა და მაშერანოს გვარებიც ფიგურირებენ. მათთან ერთად კი 11 კაციან სიაში ჩავი, პუიოლი, ინიესტა, ვილია, ბუსკეტსი, მილიტო, მაქსველი, აფელაი და ადრიანო შედიან. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ "უემბლი" განსაკუთრებით იღბლიანია პეპ გვარდიოლასთვის. მოგეხსენებათ 21 წლის ასაკში მან ამ სტადიონზე "ჩემპიონთა ლიგის" თასის აღმართვა მოახერხა, ხოლო 7 წლის შემდეგ ამავე სტადიონზე, "არსენალი" ანგარიშით 2–4 დაამარცხა.