რონალდო ბრაზილიის ნაკრებში ბრუნდება. შვიდ ივნისს, პენტაკამპეონები რუმინეთთან ტესტ-მატჩს ჩაატარებენ და მასში მონაწილეობას "კიჭაც” მიიღებს. ეს ლეგენდარული მოთამაშის "გამოსათხოვარი” შეხვედრა იქნება და ამ ჟესტით, ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციას რონალდოს სანაკრებო ღვაწლის დაფასება სურს. "დიდი ცხრიანის” სელესაოში გამოსვლა, ბრაზილიელთა ეროვნული გუნდის თავკაცმა მანუ მენეზეშმაც დაადასტურა: " შვიდ ივნისს, მინდორზე რონალდოს სრულ თავისუფლებას მივანიჭებთ და მაყურებელს მისი ასპარეზობით დატკბობის კიდევ ერთ შესაძლებლობას მივცემთ”. რუმინეთთან ტეს-მატჩს რაც შეეხება, ეს შეხვედრა ბრაზილიელთათვის მომავალი კოპა ამერიკის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია, ვლახებთან დაპირისპირებამდე კი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონები ბოლო მუნდიალის ფინალისტ ჰოლანდიას (სამხრეთ აფრიკაში ბრაზილია სწორედ ნიდერლანდელებთან დამარცხდა) შეხვდება. რონალდოზე საუბარს კი იმით დავასრულებთ, რომ "კორინთიასის” პრეზიდენტის, ანდრეშ სანჩესის თქმით, "კიჭა” მისი გუნდის მაისურსაც მოიზომავს.
|