როგორ ითამაშეს ევროპაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველებმა? კახა კალაძემ გენუური დერბი მოიგო. ცხრილში უმოტივაციო "ჯენოას" სულაც არ ენაღვლება, რომ თანაქალაქელი "სამპდორია" შავ დღეშია და ვარდება. სერია A-ს 36-ე ტურში, "ჯენოამ" 2:1 აჯობა "სამპას", კალაძემ კი შეუცვლელად ითამაშა და მართალია, საუკეთესო მატჩი არ ჰქონია, მაგრამ არც ვინმეზე უარესად გამოიყურებოდა.
ansa.it-მა კახას 5,5 დაუწერა შეფასებად. "ჯენოა" მე-10 ადგილზეა და ცხრილის შუაშივე დაასრულებს სეზონს.
რუმინეთის ლიგა1-ში, აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანმა" შინ 0:0 ითამაშა ბუქარესტის "სტიაუასთან". 25 წლის ქართველი მცველი, რუმინეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან შეუცვლელად გაისარჯა და prosport.ro-ს ცნობით, ბუქარესტელთა ფორვარდი მარიუშ ბილაშკო მთლიანად გამოთიშა თამაშიდან.
"გაზ მეთანი" მე-7 ადგილზეა, სულ 2 ტური დარჩა და ევროპის ლიგაზე გასვლის შანსი აქვს.