მიუხედავად იმისა, რომ დღეს ლონდონში ერთმანეთის პირისპირ "არსენალისა” და "მილანის” ფეხბურთელები წარსდგებიან, დღის ცენტრალურ მატჩად მაინც "ბენფიკა”-"ზენიტის” შეხვედრა შეიძლება მივიჩნიოთ. პორტუგალიაში რომ უფრო დაძაბული თამაში გაიმართება, ეს სადავო ნამდვილად არაა. რაც შეეხება თავიდანვე 1/8-ფინალების ცენტრალურ დაპირისპირებად მიჩნეულ წყვილს, იქ "არსენალი”, ალბათ, ღირსეულად გავარდნისთვის თუ იბრძოლებს.
არსენალი-მილანი (პირველი მატჩი 0:4)
1/8-ფინალების კენჭისყრის შემდეგ ვინ იფიქრებდა, რომ ამ წყვილში, პირველი თამაშის შემდეგ ყველაფერი გარკვეული იქნებოდა. "მილანი” თავიდანვე ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ბოლო დროს ათამაშებული "არსენალის” 0:4 წაგება შეგვიძლია სენსაციათა რიგს მივაკუთვნოთ.
2 კვირის წინათ გამართული შეხვედრის გარდა, გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვედრიან. 1995 წელს, უეფას სუპერთასზე, "მილანმა” შინ 2:0 მოიგო. ლონდონში გუნდებმა უგოლოდ ითამაშეს. 2008 წელს, ლიგის 1/8-ფინალში, მილანში უკვე "არსენალმა” იმარჯვა 2:0, ხოლო ინგლისის დედაქალაქში გუნდებმა გოლის გატანა ვერც ამჯერად მოახერხეს.
"არსენალი” იტალიის წარმომადგენლებს სულ 28-ჯერ შეხვედრია. ლონდონელებს 13 მოგება, 8 ფრე და 7 მარცხი დაუგროვდათ. საკუთარ კედლებში "არსენალმა” 7-ჯერ მოიგო, 3-ჯერ ფრედ ითამაშა და 2-ჯერ წააგო.
"მილანის” ინგლისურ გუნდებთან დაპირისპირების ისტორია 33 შეხვედრას ითვლის. იტალიელებს 11-11 მოგება, ფრე და წაგება აქვთ. გასვლაზე, "მილანს” 1 მოგება, 5 ფრე და 8 მარცხი დაუგროვდა.
შეხვედრას სლოვენიელი დამირ სკომინა განსჯის. მისი მონაწილეობით ჩატარებულ მატჩებში ორივე გუნდს ასპროცენტიანი შედეგი აქვს. "არსენალმა” ერთხელ მოიგო, ხოლო "მილანმა” – 3-ჯერ.
ევროპაში ბევრი ისეთი გუნდი ნამდვილად არ მოიძებნება, რომლის ლაზარეთშიც უფრო მეტი ფეხბურთელი იმყოფება, ვიდრე "არსენალის”, ან "მილანის”. ტრავმების გამო, დღეს ლონდონელებს სანტოსი, მერტეზაკერი, უილშირი და რემზი დააკლდებიან. საეჭვოა ვერმაელენის, დიაბის, ბენაიუნის, არტეტასა და გიბსის თამაშიც. რაც შეეხებათ სტუმრებს, ტრავმირებული პატოს, იეპესის, აკვილანის, კასანოს, მერკელის, სტრასერისა და გატუზოს გარდა, ისინი დისკვალიფიცირებულ ამბროზინისაც მოისაკლისებენ. ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ არიან ინძაგი და მუნტარი.
• პრემიერლიგის ბოლო 2 საშინაო მატჩიდან, "არსენალმა” ერთში 7 გოლი გაიტანა, ხოლო მეორეში – 5;
• ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო თერთმეტ თამაშში, რობინ ვან პერსიმ მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო;
• ჩემპიონთა ლიგის ბოლო ოთხ გათამაშებაში, "მილანი” ასპარეზობას 1/8-ფინალიდან ეთიშებოდა;
• ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ორრაუნდიან დაპირისპირებაში, ოთხბურთიანი ჩამორჩენა არცერთ გუნდს არ აღმოუფხვრია. ევროტურნირებზე უკანასკნელად ასეთი რამ 1985 წელს მოხდა, როდესაც უეფას თასზე მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან” 1:5 წაგების შემდეგ, მადრიდის "რეალმა” 4:0 მოიგო;
• ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 7 მატჩიდან, ექვსში "მილანმა” მინიმუმ 2 გოლი გაიტანა;
• "მილანი” ევროტურნირებზე 350-ე თამაშს ჩაატარებს;
• მიმდინარე გათამაშებაში ზლატან იბრაჰიმოვიჩი 20-ჯერ დაჯარიმდა, რაც სტეფან კისლინგის შედეგთან ერთად, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;
• "არსენალი” მეტოქეს მე-2 ტაიმის საწყის 15 წუთში განსაკუთრებით უნდა უფრთხოდეს. დროის ამ მონაკვეთში "მილანმა” 5 გოლი გაიტანა, მათ შორის ერთი 2 კვირის წინათ, ლონდონელთა კარში;
• "მილანმა” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 გასვლითი მატჩიდან 4 ფრედ ითამაშა და 1 მოიგო;
• "არსენალმა” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 12 საშინაო შეხვედრიდან 10 მოიგო და 2 ფრედ ითამაშა;
• "არსენალს” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 2 მატჩი წაგებული აქვს. ამ ტურნირზე ლონდონელებს ზედიზედ 3-ჯერ არასდროს წაუგიათ;
• მიმდინარე გათამაშებაში, ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოედანზე 5-ჯერ გავიდა და მან გოლი ყველა ამ შეხვედრაში გაიტანა.
სავარაუდო შემადგენლობები
არსენალი (4-2-3-1): სჩეზნი, სანია, კოსილნი, ვერმაელენი, გიბსი, სონგი, არტეტა, უოლკოტი, როსიცკი, ჟერვინიო, ვან პერსი.
მილანი (4-3-2-1): აბიატი, აბატე, მექსე, სილვა, ანტონინი, ნოჩერინო, ვან ბომელი, ემანუელსონი, ელ შაარავი, იბრაჰიმოვიჩი, რობინიო.
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).
ბენფიკა-ზენიტი (პირველი მატჩი 2:3)
ამ წყვილში თავიდანვე დიდი ბრძოლა იყო მოსალოდნელი და პირველი მატჩის შემდეგ არაფერი შეცვლილა. ფავორიტი კვლავ "ბენფიკაა”, მაგრამ პორტუგალიელებს საკუთარ კედლებში აუცილებლად მოგება სჭირდებათ.
გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიამ სათავე 2 კვირის წინათ აიღო.
"ბენფიკას” რუსეთის წარმომადგენლებთან 9-ჯერ უთამაშია. პორტუგალიელებმა 3-ჯერ მოიგეს, 4-ჯერ ფრედ ითამაშეს და 2-ჯერ წააგეს. საკუთარ კედლებში, "ბენფიკამ” 2-ჯერ იმარჯვა და ამდენჯერვე ფრედ ითამაშა.
"ზენიტს” პორტუგალიურ კლუბებთან ჩატარებულ ექვს თამაშში 3 მოგება, 2 ფრე და 1 მარცხი დაუგროვდა. გასვლაზე რუსებმა თითოჯერ ფრედ ითამაშეს და წააგეს.
უეფამ შეხვედრის განსასჯელად ინგლისელი ჰოვარდ უები მიავლინა. აქამდე, მას ორივე გუნდის მატჩში მონაწილეობა თითოჯერ მიუღია. პორტუგალიელებმა საკუთარ კედლებში წააგეს, ხოლო რუსებმა ასევე საკუთარ კედლებში მოიგეს.
ორივე გუნდი მატჩს დანაკლისით ხვდება. "ბენფიკას” დისკვალიფიცირებული აიმარი არ ეყოლება. საეჭვოა გარაის მოედანზე ხილვაც. "ზენიტს” თამაში ტრავმირებული დანის გარეშე მოუწევს.
• "ბენფიკას” ევროტურნირების პლეი ოფის პირველი მატჩი 31-ჯერ წაუგია. შემდეგ ეტაპზე პორტუგალიელები 9-ჯერ გავიდნენ;
• ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 14 თამაშში, ოსკარ კარდოსომ ამდენივე გოლი გაიტანა;
• "ზენიტი” ბოლო 18 შეხვედრაში დაუმარცხებელია;
• დღეს "ბენფიკა” ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე თავის 50-ე თამაშს ჩაატარებს;
• "ბენფიკა” განსაკუთრებით სახიფათო შეხვედრის დასაწყისშია. პორტუგალიელთა მიერ სულ გატანილი 10 გოლიდან 6 პირველ ნახევარ საათზე მოდის. რაც შეეხება "ზენიტს”, მას გოლების გატანა ყველაზე კარგად 61-დან 75-ე წუთამდე გამოდის. დროის ამ მონაკვეთში, სანკტ-პეტერბურგელებმა მეტოქის კარი 4-ჯერ აიღეს.
სავარაუდო შემადგენლობები
ბენფიკა (4-2-3-1): მორაეში, პერეირა, ლუიზაო, ვიტორი, ემერსონი, ვიტსელი, გარსია, გაიტანი, ნოლიტო, სეზარი, კარდოსო.
ზენიტი (4-2-3-1): მალაფეევი, ანიუკოვი, ჰუბოკანი, ლომბაერტსი, ლუკოვიჩი, ზირიანოვი, დენისოვი, ფაიზულინი, შიროკოვი, ლაზოვიჩი, კერჟაკოვი.
მსაჯი: ჰოვარდ უები (ინგლისი).
მიშა ზაქარეიშვილი
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრების ისტორიაში გათვალისწინებულია მხოლოდ უეფას ეგიდით ჩატარებული თამაშები.