"ბარსელონას” იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გასვლა ძვირი დაუჯდა, რადგან გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დავიდ ვილია მძიმედ დაშავდა. ტურნირის 1/2-ფინალში კატალონიელებმა ყატარის "ალ-სადს” 4:0 სძლიეს, ხოლო ვილია პირველი ტაიმის დასრულებამდე 6 წუთით ადრე შეცვალეს. ესპანური მასმედია იუწყება, რომ ფეხბურთელს მარცხენა ფეხის წვივის დიდი ძვალი აქვს მოტეხილი. ასეთი ტრავმის დროს რეაბილიტაციას, შესაძლოა, წელიწადი დასჭირდეს. ასე რომ, სავარაუდოდ, ვილია "ბარსელონას” არა მხოლოდ სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება, დიდი შანსია, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატიც გამოტოვოს. აქვე გეტყვით, რომ ყატარელებთან შეხვედრაში დუბლი შეასრულა ადრიანომ, რომელმაც მეტოქის კარი 25-ე და 43-ე წუთებზე აიღო. 63-ე წუთზე გოლი კეიტამ გაიტანა, ხოლო 83-ზე წერტილი მაქსველმა დასვა.
|