კატალონიის "ბარსელონას” ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ითამაშებს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტმა, მას შემდეგ, რაც ესპანელი ფეხბურთელის მიერ საეჭვო ვითარებაში მიღებული ყვითელი ბარათის საქმე განიხილა. ექვს მარტს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში, რომელშიც "ბარსა” "შახტარს” მასპინძლობდა, ინიესტამ ყვითელი ბარათი მიიღო და დონეცკელებთან გამართული განმეორებითი დაპირისპირება გამოტოვა. გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ 26 წლის ფეხბურთელმა ყვითელი განზრახ მიიღო, რადგან დისკვალიფიკაცია ნაკლებად მნიშვნელოვან მატჩში მოეხადა და 1/2-ფინალს "სუფთად” შეხვედროდა. ორშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტი ინიესტას საკითხს განიხილავდა. იყო შესაძლებლობა იმისა, რომ ფეხბურთელს "რეალთან” გასამართი პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გამოეტოვებინა, მაგრამ ევროპული ფეხბურთის მმართველმა პირებმა ინიესტას ქმედების წესებთან შეუსაბამობა ვერ დაადგინეს და ფეხბურთელი არა მხოლოდ დისკვალიფიკაციას, ფულად ჯარიმასაც გადაურჩა. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ასეთ სიტუაციაში, მადრიდის "რეალის” ფეხბურთელებს უეფა-მ ფულადი ჯარიმა დააკისრა, მაგრამ მაშინ აშკარა იყო, რომ სერხიო რამოსმა და ჩაბი ალონსომ ბარათები განზრახ მიიღეს. ამ შემთხვევაში კი, როგორც ჩანს, უეფა-ს წარმომადგენლებს ხემჩასაჭიდი არაფერი ჰქონდათ.
|