უკვე 2 კვირაა, ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის ეპიცენტრი ესპანეთია. ბოლო დროს, "ბარსელონა” და "რეალი” იმდენად ხშირად ხვდებიან ერთმანეთს და ყოველი ახალი "კლასიკოს” მოახლოებასთან ერთად, იმდენად მატულობს დაძაბულობა, რომ ძნელია სხვა საფეხბურთო მოვლენებზე გადართვა. "რეალისა” და "ბარსელონას” დაპირისპირებებზე ფოკუსირება კიდევ უფრო გამართლებული გახდა მას შემდეგ, რაც გელზენკირხენში მოგებით, "მანჩესტერმა” მე-2 ნახევარფინალურ წყვილს ინტრიგა დაუკარგა.
შეიძლება ითქვას, რომ ესპანეთის სამეფო თასის ფინალში, "რეალის” მოგებამ 1/2-ფინალურ მატჩებს კიდევ უფრო დიდი ინტრიგა შემატა. ესპანეთის მასშტაბით, გუნდებს შორის ანგარიში გათანაბრდა (შეგვიძლია, ქვეყნის ჩემპიონობა "ბარსელონას” უკვე მივაკუთვნოთ) და სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გაეცეს პასუხები კითხვებს: მესი თუ რონალდუ? გვარდიოლა თუ მოურინიო? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – "ბარსელონა” თუ "რეალი”?
ყველა "ელ კლასიკო” რომ ცალკე ისტორიაა, ეს არაერთხელ თქმულა და დამტკიცებულა. როდესაც "ბარსელონა” და "რეალი” გამოდიან მოედანზე, ყოველგვარ მნიშვნელობას კარგავს მათ შორის უწინ ნაჩვენები შედეგები. შესაბამისად, წინა დაპირისპირებებზე დაყრდნობით, თითქმის შეუძლებელი ხდება მომდევნო მატჩზე პროგნოზის გაკეთება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ მატჩში არანაირი მნიშვნელობა არ ექნება იმას, თუ რა მოხდა ბოლო დღეებში გამართულ "კლასიკოებში”. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ორივე გუნდი მნიშვნელოვნად სახეშეცვლილი გამოვა მოედანზე და შესაძლოა, მათი თამაშის სტილიც განსხვავებული იყოს. ამის მიზეზი კი, გუნდებში არსებული საკადრო პრობლემებია.
ბოლო დროს, "რეალს” ლაზარეთიდან დაუბრუნდა ყველა შემტევი ფეხბურთელი, რაც, რა თქმა უნდა, მოურინიოს გუნდისთვის კარგი ამბავია, მაგრამ პორტუგალიელისთვის სამწუხაროდ, მას დღეს დაცვითი ფუნქციების ბრწყინვალედ შემსრულებელი 2 მოთამაშე არ ეყოლება. საუბარი გვაქვს ტრავმირებულ სამი ხედირასა და დისკვალიფიცირებულ რიკარდო კარვალიოზე. მიმდინარე სეზონში, "ბარსელონასა” და "რეალს” შორის ჩატარებულმა სამმა შეხვედრამ დაგვარწმუნა, რომ კატალონიელებთან გახსნილი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხოლო საკუთარ ნახევარზე უშეცდომოდ თამაში – წარმატებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი. ამის გათვალისწინებით, მოურინიო დღევანდელ მატჩს მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება.
კიდევ უფრო ცუდად აქვს საქმე გვარდიოლას. როდესაც ერთ გუნდში თამაშობენ კრიშტიანუ რონალდუ და ანხელ დი მარია, მათ შესაჩერებლად, მეტოქეს აუცილებლად სჭირდება მაღალი დონის განაპირა მცველები, რომლებსაც არც სისწრაფე დაეწუნებათ და არც პოზიციური თამაში. ამ მხრივ, "ბარსას” მართლაც სერიოზული პრობლემები აქვს. სეზონის დასაწყისში, კატალონიურ კლუბში 3 მარცხენა მცველი ირიცხებოდა, მაგრამ ტრავმების გამო, დღევანდელ მატჩში ვერც აბიდალი ითამაშებს, ვერც ადრიანო და ვერც მაქსველი. სავარაუდოდ, დაცვის მარცხენა ფლანგზე, ახლადგამოჯანმრთელებული პუიოლი იქნება, რომელსაც "ბარსელონას” წარმატების გარანტი შეგვიძლია ვუწოდოთ. მიმდინარე სეზონში, კატალონიელებს არცერთი ის შეხვედრა არ წაუგიათ, რომელშიც პუიოლმა ითამაშა. კაპიტნის მარცხნივ გადაწევის შემთხვევაში, დაცვის ცენტრში თამაში მოუწევს მასკერანოს, ან ბუსკეტსს.
მიუხედავად დაცვაში არსებული სერიოზული პრობლემებისა, "ბარსელონას” უმთავრესი დანაკლსი არა აბიდალი, ადრიანო ან მაქსველი, არამედ ანდრეს ინიესტაა. კატალონიელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, მატჩამდე 2 დღით ადრე მიიღო ტრავმა და გუშინ, კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისი თამაში გამორიცხულია.
ოფიციალურ მატჩებში, გუნდები ერთმანეთს აქამდე 213-ჯერ შეხვედრიან. აქედან 86-ჯერ "რეალმა” მოიგო, 82-ჯერ "ბარსელონამ” და 43 მატჩი ფრედ დასრულდა.
ევროტურნირებზე, გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია ექვს თამაშს ითვლის. 1960 წელს, ჩემპიონთა თასის 1/2-ფინალში, "რეალმა” ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით, 3:1 მოიგო. მომდევნო სეზონში, იმავე ტურნირის პირველ ეტაპზე, მადრიდში გამართული შეხვედრა 2:2 დასრულდა, ბარსელონაში კი, მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. შეიძლება ითქვას, რომ ეს თამაშები ისტორიულია, რადგან სწორედ "ბარსელონა” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც "რეალი” ჩემპიონთა თასიდან გამოაგდო. მანამდე, მადრიდელებს ზედიზედ 5-ჯერ ჰქონდათ ახლადშექმნილი ტურნირი მოგებული.
უკანასკნელად, ევროტურნირებზე, გუნდები ერთმანეთს 2002 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეხვდნენ. "კამპ ნოუზე” გამართული პირველი მატჩი "რეალმა” 2:0 მოიგო, მადრიდში კი, გუნდებმა 1:1 ითამაშეს. პირველი მატჩის მონაწილე ფეხბურთელებიდან, დღეს, გუნდებში არცერთი აღარ ირიცხება. რაც შეეხება მადრიდში გამართულ მატჩს, ძირითად შემადგელობაში ითამაშეს პუიოლმა და ხავიმ, ხოლო "რეალის” სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ კასილიასი და აიტორ კარანკა (მოურინიოს თანაშემწე).
უეფა-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე, "რეალს” ესპანურ გუნდებთან სულ 12-ჯერ უთამაშია. აქედან, მადრიდელებმა 7 მოიგეს, 3 ფრედ ითამაშეს და 2 დათმეს. ბურთების შეფარდება – 29:12. საკუთარ კედლებში, "რეალმა” 4-ჯერ მოიგო და 2-ჯერ ფრედ ითამაშა.
ევროტურნირებზე, "ბარსას” ესპანეთის წარმომადგენლებთან ძალიან უჭირს. სულ ჩატარებული 17 თამაშიდან, კატალონიელებმა მხოლოდ 4 მოიგეს, ამდენივე ფრედ ითამაშეს და 9 დათმეს. 8 გასვლითი შეხვედრიდან, "ბარსამ” 3 ფრედ ითამაშა და 5 წააგო.
ევროტურნირების ფლეი ოფში, "რეალი” ესპანურ გუნდს 5-ჯერ დაუპირისპრიდა და შემდეგ ეტაპზე, მადრიდელები 4-ჯერ გავიდნენ. "ბარსას” ამ მხრივაც არ მისდის საქმე კარგად – 8 2-რაუნდიან დაპირისპირებაში 3 მოგება და 5 მარცხი.
შეხვედრას გერმანელი არბიტრი, ვოლფგანგ შტარკი განსჯის. მისი მონაწილეობით გამართული 6 თამაშიდან, "რეალმა” 3 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 2 დათმო. რაც შეეხება "ბარსელონას”, შტარკის მიერ განსჯილი 5 თამაშიდან, კატალონიელებმა 1 მოიგეს, ამდენივე წააგეს და 3 ფრედ ითამაშეს.
• ჩემპიონთა ლიგის/თასის 1/2-ფინალში, გუნდები ერთმანეთს მესამედ ხვდებიან. წინა ორ შემთხვევაში, ფინალში მადრიდელები გავიდნენ;
• "რეალს” ჩემპიონთა ლიგის/თასის ნახევარფინალში 21-ჯერ უთამაშია. ფინალში მადრიდელები 12-ჯერ გავიდნენ;
• "ბარსელონასთვის” ეს იქნება მე-12 ნახევარფინალი. წინა 11 შემთხვევიდან, კატალონიელები ფინალში მხოლოდ 5-ჯერ გავიდნენ;
• ევროტურნირების 1/2-ფინალში ნათამაშები ბოლო 18 მატჩიდან, კატალონიურმა გუნდმა მხოლოდ 4 მოიგო;
• ევროტურნირებზე, ესპანურ გუნდთან, "ბარსელონას” გასვლაზე არასდროს არ მოუგია;
• "ბარსელონა” არის პირველი გუნდი, რომელმაც "რეალი” ჩემპიონთა თასის გათამაშებას გამოთიშა;
• 1996-2000 წლებში, ჟოზე მოურინიო "ბარსელონას” მწვრთნელების, ბობი რობსონისა და ლუის ვან გაალის თანაშემწე იყო;
• გვარდიოლას მიერ გაწვრთნილ "ბარსელონას”, 21 2-რაუნდიანი დაპირისპირებიდან 19 აქვს მოგებული;
• გუნდში გვარდიოლას მისვლის შემდეგ, "ბარსამ” ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში, გასვლაზე 9-ჯერ ითამაშა და მხოლოდ ერთხელ მოიგო;
• ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, "რეალს” ყველა საშინაო შეხვედრა მოგებული აქვს ისე, რომ ერთი გოლიც კი არ გაუშვია;
• მიმდინარე გათამაშებაში, გასვლაზე ჩატარებული 5 თამაშიდან, "ბარსელონამ” მხოლოდ 2 მოიგო;
• მიმდინარე გათამაშებაში, ყველაზე მეტი, 24-24 გოლი "რეალსა” და "ბარსელონას” აქვთ გატანილი;
• "რეალის” ფეხბურთელები ყველაზე მეტჯერ ურტყამენ კარში ზუსტად (82), ასევე არაზუსტად (83) და აწვდიან ყველაზე მეტ კუთხურს (67);
• ლიონელ მესი მიმდინარე გათამაშების ბომბარდირთა დავას ლიდერობს 9 გოლით, ხოლო მესუტ იოზილი, 6 შედეგიანი გადაცემით საუკეთესო ასისტენტია;
• ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, სტუმრად მოთამაშე საუკეთესო გუნდი "ბარსელონაა”;
• ჟოზე მოურინიოს მიერ გაწვრთნილმა გუნდებმა, ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ ბოლო ოცდაოთხ მატჩში მხოლოდ 2-ჯერ წააგეს და ორჯერვე "ბარსელონასთან”;
• ყველა ტურნირის მატჩების გათვალისწინებით, "სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარებული ბოლო 3 თამაშიდან, "რეალმა” მხოლოდ 1 მოიგო;
• "სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარებული ბოლო 3 "ელ კლასიკოდან”, 2 "ბარსელონამ” მოიგო და 1 ფრედ დასრულდა;
• ჩემპიონთა ლიგის ბოლო თხუთმეტ მატჩში, ლიონელ მესის 15 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ არგენტინელს არასდროს გაუტანია ამ ტურნირის 1/2-ფინალში;
• დისკვალიფიკაციის გამო, შეხვედრას რიკარდო კარვალიო გამოტოვებს;
• დღეს, ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, მომდევნო მატჩს გამოტოვებენ რონალდუ, რამოსი, დი მარია და ალბიოლი.
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი: კასილიასი, არბელოა, რამოსი, ალბიოლი, მარსელო, დიარა, პეპე, ალონსო, იოზილი, დი მარია, რონალდუ.
ბარსელონა: ვალდესი, ალვეში, მასკერანო, პიკე, პუიოლი, ბუსკეტსი, ხავი, კეიტა, პედრო, მესი, ვილია.
მიშა ზაქარეიშვილი
შენიშვნა: ურთიერთშეხვედრების ისტორიაში გათვალისწინებულია მხოლოდ უეფას ეგიდით ჩატარებული თამაშები.