"თემურ ქეცბაიამ მოახერხა და ინდივიდუალისტებისგან შეკრული, კარგი გუნდი დააყენა. 3 ქულისათვის ჩამოვედით და ამას არც ვმალავთ, მაგრამ შესაძლოა, თამაშის სცენარი ისე წარიმართოს, ქულითაც კმაყოფილი დავრჩე” – აი, ასე თქვა ხორვატიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა. "ეროვნულზე” გამართულ პრესკონფერენციაზე ბილიჩი აშკარად დიპლომატიური იყო და ერთხელაც არ უთქვამს - "აუცილებლად მოვიგებთ!”, "ჩვენ უკეთესი გუნდი გვყვავს” და ასე შემდეგ, რასაც უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ხორვატი ფეხბურთელები და მწვრთნელები თბილისში ჩამოსვლამდე ხშირად ამბობდნენ... - რას ელით მატჩისგან და როგორ შეაფასებთ საქართველოს ნაკრებს? - დიდი მადლობა პრესკონფერენციაზე მოსვლისთვის. კარგ თამაშს ველი, თუნდაც იმიტომ, რომ ორივე გუნდს საკმაოდ ხანგრძლივი წაუგებელი სერია აქვს. ხორვატიის მსგავსად, საქართველოც ჯგუფის ცხრილის ზედა ნაწილშია და კიდევ, როგორც ვიცი, ტრიბუნები სავსე იქნება. - ორი წამყვანი ფორვარდი არ გეყოლებათ – ედუარდო და ივიცა ოლიჩი. ეს რამდენად იმოქმედებს გუნდის შეტევით პოტენციალზე? - ოლიჩის არყოფნას შეგუებულები ვიყავით, ედუარდო კი რამდენიმე დღის წინათ დაშავდა და სამწუხაროა, რომ დაგვაკლდება. მიუხედავად ამისა, მზად ვართ მოსაგებად. - თამაში თუ ფრედ დასრულდება, უკმაყოფილო დარჩებით? - 3 ქულისათვის ჩამოვედით, მაგრამ შესაძლოა, თამაში ისე წარიმართოს, ქულითაც კმაყოფილი დავრჩე. - ჯგუფში მთავარ კონკურენტად ვის თვლით? - როდესაც ვარშავაში კენჭისყრა ჩატარდა, თითქმის ყველამ თქვა, ჯგუფიდან გასასვლელად ხორვატია, საბერძნეთი და ისრაელი იბრძოლებდნენ, მაგრამ მე მაშინვე ვთქვი, რომ საქართველო და ლატვიაც ძლიერი მოწინაამღდეგეები იქნებოდნენ. არც შევმცდარვარ. - ევრო-2008–ის შემდეგ, ხორვატიის ნაკრების შემადგენლობა დიდად არ შეცვლილა და საინტერესოა, სიძლიერის მიხედვით, მაშინდელ და დღევანდელ ნაკრებს როგორ შეადარებდით? - დაახლოებით იგივე დონის ნაკრები გვყავს, რაზეც რეიტინგიც მოწმობს. საუკეთესო ათეულში ვართ. - ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობდით და ხომ ვერ გაიხსენებდით თემურ ქეცბაიას წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩებს? - ზუსტად ვერ ვიხსენებ. როდესაც ქეცბაია "ნიუკასლში” გადავიდა, ზუსტად იმ პერიოდში მივიღე ტრავმა. ისე კი, ალან შირერისა და დავიდ ჟინოლას "ნიუკასლთან” მითამაშია. და ბოლოს, ბილიჩმა პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, ჩვენი ვარჯიში ღია იქნებაო. წინასწარი ცნობით, მხოლოდ 15 წუთით უნდა ყოფილიყო ღია, მაგრამ ბილიჩმა წვრთნა "არ დამალა”.
|