სამეფო თასის ფინალისთვის მზადება დასრულდა. დღეს ”მესტალიაზე” იქნებიან ესპანეთის მეფე, რომელიც ვალენსიაში მადრიდიდან ჩავა და დედოფალი, რომელიც ამჟამად პალმა დე მალიორკაზე იმყოფება. ”ბარსელონასა” და ”რეალის” პრეზიდენტები - სანდრო როსელი და ფლორენტინო პერესი უკვე ვალენსიაში არიან. დღევანდელ მატჩს გენერალიტეტის პრეზიდენტი, მადრიდის მერი და ესპანეთის მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები დაესწრებიან.
სუპერვარსკვლავი შაკირა დღეს ”მესტალიაზე” იქნება. როგორც იცით, შაკირა ”ბარსელონას” მცველის, ხერარდ პიკეს მეგობარი გოგოა. სწორედ ”ბარსელონას” უგულშემატკივრებს პოპ-ვარსკვლავი, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში მისი სიმპატიები მადრიდელებისკენ იხრებოდა. სტადიონზე იქნება არტისტი მანოლო ესკობარიც, რომელიც შაკირას მსგავსად კატალონიელებს უგულშემატკივრებს.
როგორც იცით, ”ბარსელონასა” და ”რეალში” ჯამში 13 მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ირიცხება, ამიტომ არავის გაუკვირდება თუ ვიტყვით, რომ დღევანდელ მატჩს ვისენტე დელ ბოსკეც დაესწრება. სტადიონზე იქნება ფერნანდო იეროც.
თასი უკვე ვალენსიაშია. მისი ზომა 77 ინჩია და 20 კილოს იწონის. დღეს, თამაშის დასრულებისთანავე მასზე ახალი მფლობელის სახელს ამოტვიფრავენ.