პორტუგალიური "პორტოს” თავდამსხმელმა ფალკაომ, ევროპის ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ესპანური "ვილიარეალის” 5:1 განადგურების შემდეგ განაცხადა, რომ ეს მატჩი და მასში გატანილი გოლები, მის მეხსიერებაში სამუდამოდ აისახება. "ისეთი შეგრძნებაა, რომლის სიტყვებით გადმოცემაც წარმოუდგენელია. ვაღიარებ, ეს გოლები არასდროს დამავიწყდება. სიმართლე გითხრათ, კარიერის განმავლობაში პოკერი აქამდე არასდროს შემისრულებია. ჩვენ დიდებული ფეხბურთი ვითამაშეთ და ფინალს კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით. მიუხედავად დიდი ანგარიშით მოგებისა, კარგად გვესმის, რომ მოდუნების უფლება არ გვაქვს და ესპანეთშიც მაქსიმალურად მობილიზებულებმა უნდა ვითამაშოთ” - თქვა ფალკაომ. 25 წლის კოლუმბიელმა ესპანელთა კარში ოთხი გოლი გაიტანა და როგორც უეფას ოფიციალურ საიტს თავად განუცხადა, კარიერის განმავლობაში პირველი პოკერი შეასრულა. ამ მიღწევით მას ევროპის ლიგის წლევანდელ გათამაშებაში 15 გოლი მოუგროვდა და გერმანელი იურგენ კლინსმანის რეკორდი გაიმეორა. აქამდე, ევროტურნირების ერთ სეზონზე, 15 გოლი მხოლოდ კლინსმანს ჰქონდა გატანილი, რომელმაც ეს 1995-1996 წლების უეფას თასის გათამაშებაში მოახერხა.
|