ხორვატიასა და ისრაელთან მატჩამდე შეკრებილმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, სრული შემადგენლობით პირველად 23 მარტს ივარჯიშა. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ "ჯვაროსნებს” ამ ორ შეხვედრაში ჯანო ანანიძის იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ. მოსკოვის "სპარტაკის” ნახევარმცველი, რუსეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე კიდევ ოთხ ნაკრებელთან (მარცვალაძე, გოგუა, სალუქვაძე, რევიშვილი) ერთად, თბილისში სამშაბათს ღამით ჩამოფრინდა. ნაკრების მწვრთნელ-ექიმებმა მისი მდგომარეობა შეისწავლეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდა გუნდში ალექსანდრე კოშკაძის გამოძახება. თემურ ქეცბაია, სამ გოლკიპერსა და ოცდაერთ მინდვრის ფეხბურთელს, ეროვნული სტადიონის საკმაოდ გამოკეთებულ გაზონზე 16:50 წუთზე შეუძღვა. ტრადიციულ მოთელვას, გახურებით ვარჯიშებსა და მინდვრის სხვადასხვა ნაწილში განაწილებულ სამ შვიდკაცა "კვადრატს”, მოედნის ნახევარზე გაჩაღებული ორიგინალური ორკარა მოჰყვა. ათ "ყვითელსა” და ათ "წითელს”, კოშკაძის სახით, მწვანემოსასხამიანი "ფრილანსერი” ავსებდა. მწვრთნელის დავალებით, იგი შემტევ გუნდს ეხმარებოდა. ვარჯიშის ამ ელემენტში ორიგინალური ის იყო, რომ სათამაშო არეალის კუთხეებში განაპირა მცველები (კალაძე, სალუქვაძე, ალადაშვილი, კვირკველია) იყვნენ განლაგებულნი, რომლებიც თამაშში მხოლოდ მაშინ ერთვებოდნენ, როცა ბურთი მისდიოდათ და მათი დანიშნულება საჯარიმოში ჩაწოდება იყო. მოედნის შიდა ნაწილში დაკავებულ ფეხბურთელებს, მწვრთნელისაგან აუცილებლად შესასრულებელი "დირექტივა” ჰქონდათ მიღებული - ბურთზე მაქსიმუმ 2 შეხება. 15-წუთიანი ორკარა "ყვითლებმა” 4:1 მოიგეს. მათგან გოლი გოგუამ, ხიზანიშვილმა, გელაშვილმა და დვალიშვილმა მიითვალეს, "წითლებიდან” კი, გურულმა კობიაშვილის პასით დალაშქრა ლორიას კარი (მეორე კარს რევიშვილი იცავდა). ხუთწუთიანი "მოსულიერების” შემდეგ, სათამაშო მოედანი 15 მეტრით დაგრძელდა და უკვე ჩვეულებრივი, 20-წუთიანი ორკარა ითამაშეს (სულ, ქეცბაიამ საათნახევრიანი ვარჯიში ჩაატარებინა "ჯვაროსნებს”). მასში ფეხბურთელები ასეთი შემადგენლობით წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ: "ყვითლები” - რევიშვილი, სალუქვაძე, ამისულაშვილი, ხუბუტია, კალაძე, გოგუა, ხიზანიშვილი, დაუშვილი, გელაშვილი, იაშვილი, დვალიშვილი; "წითლები” - ლორია, ალადაშვილი, კაშია, ხიდეშელი, კვირკველია, კანკავა, კობიაშვილი, მარცვალაძე, გურული, მოდებაძე, სირაძე. დინამოელი კოშკაძე ამჯერადაც მწვანეთი იყო შემოსილი და ყოველთვის შემტევის სასარგებლოდ უტევდა. ცოტა ხნით მოუწია ორკარაში ჩართვა "ზესტაფონის” კიპერ როინ კვასხვაძეს. ამჯერადაც "ყვითლებმა” იმარჯვეს, ოღონდ 1:0. მარჯვენა ფლანგიდან გელაშვილის გაკეთებულ გასწვრივ გადაცემას დვალიშვილი ვერ მიწვდა, თუმცა, იაშვილმა თანაგუნდელს გარჯა მაინც არ დაუკარგა. სხვათა შორის, ერთხელ გიორგი ლორიამ ლაშა სალუქვაძის თავურს ეფექტური "სეივი” მოაყოლა და ბურთი კუთხურზე ისე გადააგდო. ჩვენი ვარაუდით, ყვითლებში გამოწყობილი 11-ეული, თემურ ქეცბაიას ხორვატიასთან ძირითადი შემადგენლობისთვის ჰყავს შეგულებული. თუმცა, მწვრთნელი მინიმუმ ერთ გადაადგილებას რომ მოახდენს და გელაშვილს კობიაშვილით (რომელიც, დიდი ალბათობით, გოგუას ფლანგს გაუცვლის) ჩაანაცვლებს, "წყალი არ გაუვა”. და ერთიც - ხაზგასასმელი და სასიხარულოა, რომ ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ, სრული დატვირთვით ივარჯიშა.
|