ბოლო 2 სეზონის განმავლობაში, „მადონინაში" დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით, მილანურ დერბიში წარმატების ფორმულა საკმაოდ მარტივია - მოწინააღმდეგეს ლეონარდო უნდა წვრთნიდეს. ამჟამად „ინტერში" მომუშავე ბრაზილიელ სპეციალისტს, მწვრთნელის რანგში, მილანურ დერბიში 4-ჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული (3-ჯერ სერია A-ში და ერთხელ ამხანაგურ მატჩში). ბრაზილიელმა სპეციალისტმა, სამჯერ „მილანი" გაიყვანა მოედანზე და ერთხელ „ინტერი". მისი მონაგარი ასეთია: არცერთი მოგება და ფრე, 4 მარცხი, ბურთების შეფარდება - 0:11. ნამდვილად საყურადღებო სტატისტიკაა.
გუშინდელ შეხვედრაში, ლეონარდოს „ინტერი" მასიმილიანო ალეგრის „მილანთან" პირწმინდად დამარცხდა, რითიც „ნერაძურიმ" ჩემპიონობის შენარჩუნების შანსები მნიშვნელოვნად შეიმცირა.
რიგით 275-ე „მადონინას" დაღი დაასვა მსაჯების მიერ დაშვებულმა არაერთმა შეცდომამ. ნიკოლა რიცოლი იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო არბიტრია და სწორედ ამიტომ ანდეს მას ესოდენ მნიშვნელოვანი მატჩის განსჯა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუშინდელი „მადონინა" მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომებით დახუნძლული იყო.
სანამ საქმეში რიცოლი ჩაერთვებოდა, თავისი წილი შეცდომა ნომინალური სტუმრების ცენტრალურმა მცველებმა დაუშვეს. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ლეონარდოს გუნდს, ამ პოზიციაზე, პრობლემები ექნებოდა და „ინტერის" უკანახაზელთა სუსტი თამაში გასაკვირი არ ყოფილა. მატჩის დაწყებიდან ერთი წუთიც არ იყო გასული, როდესაც საჯარიმოს წინა ხაზიდან გატუზოს გადაცემის შემდეგ, რანოკია-კივუს დუეტი უსაქმოდ დარჩა და რობინიო მეკარესთან პირისპირ გავიდა. მართალია, „მილანის" შემტევს თანამემამულე სეზარმა აჯობა, მაგრამ საქმეში კიდევ ერთი ბრაზილიელი, პატო ჩაერთო, რომელმაც დამატებაზე კარგად ითამაშა და ანგარიშიც გახსნა.
რიცოლიმ პირველი შეცდომა მატჩის მე-9 წუთზე დაუშვა, როდესაც ზეედორფის დარტყმის შემდეგ, საკუთარ საჯარიმოში მყოფ მაიკონს, ბურთი გაშლილ ხელზე მოხვდა, მაგრამ თერთმეტმეტრიანის დასანიშნად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სტუმრებმა სახიფათოდ, პირველად, მე-19 წუთზე შეუტიეს, როდესაც მეტოქის საჯარიმოში, პანდევი ორ მცველთან ორთაბრძოლის შემდეგ გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ მაკედონიელმა აბიატის ვეღარ აჯობა. 37-ე წუთზე, ვან ბომელის მიერ 35 მეტრიდან დარტყმისა და რიკოშეტის შემდეგ, სეზარის კარი მე-2 გოლის გაშვებისგან ხარიხამ იხსნა. ორ წუთში, ტაიმისა და შესაძლოა მატჩის ყველაზე სადავო ეპიზოდში, რიცოლიმ ამჯერად უკვე „მილანის" სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. ახლო მანძილიდან, ტიაგო მოტას თავური დარტყმა აბიატიმ კი მოიგერია, მაგრამ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ბურთმა კარის ხაზის გადაკვეთა მოასწრო. 43-ე წუთზე, სამუელ ეტოოს „ინტერის" ფეხბურთელთაგან, მთელი მატჩის განმავლობაში, ყველაზე კარგი მომენტი შეექმნა გასატანად, მაგრამ კამერუნელმა ცენტრფორვარდმა, ზუსტად 6 მეტრიდან, ფაქტობრივად ცარიელ კარს ააცილა ბურთი.
IIტაიმი რიცოლის მიერ მიღებული კიდევ ერთი სადავო გადაწყვეტილებით დაიწყო, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მატჩის მიმდინარეობაზე. 54-ე წუთზე, „მილანის" შეტევის დროს, პატო მეკარესთან პირისპირ გავიდოდა, კივუსთან კონტაქტის შემდეგ რომ არ წაქცეულიყო. მიუხედავად იმისა, რომ რუმინელი მცველი აშკარად ცდილობდა ბრაზილიელთან კონტაქტში შესვლისგან თავის არიდებას და არც თავად პატოს დაუკლია გაფორმება, მსაჯმა „ინტერის" უკანახაზელს მაინც უჩვენა პირდაპირ წითელი ბარათი და ლეონარდოს გუნდი რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. ბრაზილიელ სპეციალისტს, დაცვაში წარმოქმნილი სიცარიელის შესავსებად, მოედნიდან პანდევის გაყვანამ მოუწია, რამაც სტუმართა შემტევი პოტენციალი მნიშვნელოვნად შეასუსტა და შეხვედრის ბოლომდე, მათ განსაკუთრებით სახიფათო მომენტი არც შეუქმნიათ.
რაც შეეხება „მილანს", იგი არაერთხელ დაემუქრა მეტოქის კარს. მარტო რობინიო, IIტაიმში, 3-ჯერ გავიდა სეზართან პირისპირ, მაგრამ თანამემამულე მეკარეს ვერცერთხელ აჯობა. მატჩის მე-2 გოლი 62-ე წუთზე გავიდა, როდესაც ზეედორფის კარგი გადაცემის შემდეგ, საჯარიმოში მარტოდმარტო დარჩენილ აბატეს მართალია დარტყმა არ გამოუვიდა, მაგრამ მისგან ბურთი პატოს მიუვიდა და ბრაზილიელსაც, ცარიელ კარში თავით გატანა არ გასჭირვებია. ისე როგორ იქნებოდა, მსაჯებს ამ ეპიზოდშიც რომ არ დაეშვათ შეცდომა - მართალია, აბატეს გადაცემის (დარტყმის) დროს, პატო და „ინტერის" ბოლო მცველად მოთამაშე კამბიასო ერთ ხაზზე იდგნენ, მაგრამ ბრაზილიელი სხეულით წინ იყო, რაც წესების თანახმად, თამაშგარე მდგომარეობაა.
მატჩის ბოლო წუთების გმირად, მოედანზე შეცვლაზე შესული კასანო იქცა. პირველ დამატებულ წუთზე, ძანეტისთან ორთაბრძოლის დროს, იტალიელმა შემტევმა თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა, სტანდარტი თავად აქცია გოლად და მაისურის გახდისთვის, ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. მალევე, მეტოქის ნახევარზე დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს, მან უხეშად ითამაშა და მე-2 გაფრთხილების მიღების გამო, თანაგუნდელებზე მცირე ხნით ადრე დატოვა მოედანი.
ვინაიდან ანგარიში მეტჯერ აღარ შეცვლილა, ტაბლოზე ჩემპიონის ანგარიშით 0:3 განადგურება დაფიქსირდა. სერია A-ს მატჩში, ასეთი სხვაობით, „ინტერმა" 2004 წლის შემდეგ პირველად წააგო.
გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, მილანურ გუნდებს შორის, ოფიციალურ მატჩებში, ანგარიში გათანაბრდა. ამჟამად, ასეთი მდგომარეობა გვაქვს: სერია A – „ინტერს" 64 მოგება, 52 ფრე, „მილანს" 60 მოგება. ოფიციალური შეხვედრები - „ინტერს" 71 მოგება, 61 ფრე, „მილანს" 71 მოგება. სულ - „ინტერს" 95 მოგება, 72 ფრე, „მილანს" 108 მოგება.
ბრეშია,"მარიო რიგამონტი”7000
ბრეშია-ბოლონია 3:1 (2:1)
ბრეშია(3-4-3): არკარი, ძებინა, ბეგა (ბერარდი 79), ძობოლი, ძამბელი, ძანეტი, ჰეტემაი, აკარდი, ედერი (დიამანტი 71), ვასი (ბაიოკო 66), კარაჩიოლო
მწვრთნელი: ჯუზეპე ლაჩინი
ბოლონია(4-3-1-2): ვივიანო, კაზარინი, პორტანოვა, ბრიტოსი, რუბინი, პერესი, კრინი (რადოვანოვიჩი 78), დელა როკა, ეკდალი (პაპონი 24), რამირესი (მეგიორინი 46), დი ვაიო
მწვრთნელი: ალბერტო მალეზანი
გოლები: 1:0 ჰატემაი (4), 2:0 ძობოლო (8), 2:1 დი ვაიო (30), 3:1 კარაჩიოლო (66, პენ)
გაფრთხილება: ძებინა 16 - რამირესი 45, ბრისტოსი 52, რუბინი 56, რადოვანოვიჩი 85
მსაჯი: ანდრეა რომეო
დარტყმა22 (13)-9 (4); ჯარიმა18-14; კუთხური9-2; თამაშგარე0-0; ბურთისფლობა45%-55%; სეივი3-10
მილანი,"სან სირო”80000
მილანი-ინტერი 3:0 (1:0)
მილანი(4-3-1-2): აბიატი, აბატე, ნესტა, სილვა, ძამბროტა, გატუზო (ფლამინი 51), ვან ბომელი, ზეედორფი, ბოატენგი, პატო (ემანუელსონი 84), რობინიო (კასანო 80)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
ინტერი(4-2-3-1): სეზარი, მაიკონი, რანოკია, კივუ, ძანეტი, კამბიასო (სტანკოვიჩი 71), მოტა, სნეიდერი, პანდევი (კორდობა 55), პაცინი (მილიტო 63), ეტოო
მწვრთნელი: ლეონარდო
გოლები: 1:0 პატო (1), 2:0 პატო (62), 3:0 კასანო (90, პენ)
გაფრთხილება: რობინიო 26, ვან ბომელი 53, ძამბროტა 65, კასანო 90 - მაიკონი 41, ძანეტი 88
გაძევება: კასანო 90 - კივუ 54
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი
დარტყმა22 (8)-13 (3); ჯარიმა18-15; კუთხური6-4; თამაშგარე6-2; ბურთისფლობა54%-46%; სეივი3-5
# | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
---|
1. | მილანი | 31 | 19 | 8 | 4 | 54:22 | 65 |
2. | ინტერი | 31 | 18 | 6 | 7 | 56:35 | 60 |
3. | ნაპოლი | 30 | 18 | 5 | 7 | 46:27 | 59 |
4. | უდინეზე | 30 | 17 | 5 | 8 | 56:30 | 56 |
5. | ლაციო | 30 | 16 | 6 | 8 | 36:25 | 54 |
|
|
|
|
|
|
|
|