"ატლეტიკოს” ლიდერის, სერხიო აგუეროს ტურინის "იუვენტუსში” გადასვლისთვის ხელის შეშლას მადრიდის "რეალი” შეეცდება. ასეთი ინფორმაცია გაავრცელეს გუშინ ესპანურმა სპორტულმა გამოცემებმა. კატალონიური El Mundo Deportivo-ს ცნობით, "რეალი” მზადაა არგენტინელ ფეხბურთელში 45 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც აგუეროსთვის ბრძოლაში ფავორიტად სწორედ "სამეფო გუნდს” აქცევს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსი” აგუეროში 35-დან ორმოც მილიონ ევრომდე იხდიდა და არგენტინელის აგენტის განცხადებით, მისი კლიენტის ხელში ჩაგდების ყველაზე მეტი შანსი სწორედ ტურინელებს ჰქონდათ, მაგრამ ახლა, საქმეში უკვე "რეალიც” ჩაერთო. მართალია, ცოტა ხნის წინათ, "ატლეტიკოს” პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას აგუეროს "რეალის” რიგებში ხილვა არ სურს, მაგრამ ვინაიდან ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა სწორედ 45 მილიონი ევროა, "სამეფო გუნდს” შეუძლია იგი სერეზოს სურვილის საწინააღმდეგოდ იყიდოს. რამდენიმე დღის წინათ, "რეალმა” ასევე 45 მილიონი "არსენალსაც” შესთავაზა სესკ ფაბრეგასის სანაცვლოდ, მაგრამ დიდი ალბათობით, მადრიდელებმა ეს ესპანელი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასის გასაზრდელად გააკეთეს, რადგან იგი "ბარსელონამ” არ იყიდოს. ამ შემთხვევაში, ასეთი რამ თითქმის გამორიცხულია და თუ ესპანური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ, აგუერო "რეალში” გადასვლასთან საკმაოდ ახლოს ყოფილა.
|