თბილისის "იბერია სტარმა" ფუტსალის სპექტაკლი დადგა სპორტის სასახლეში და 11:0 გაანადგურა შვეიცარიული "ჟენევა". შესაბამისად, ორ ტურში 2 მოგება მოუგროვდა და ბურთების შეფარდებაც ხომ შთამბეჭდავია – 15 გატანილი და ნოლი გაშვებული. უკრაინელი ოლეგ სოლოდოვნიკის გაწვრთნილმა "იბერია სტარმა" ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვა და სავარაუდოდ, იქაც მშვენიერი შანსი ექნება, რათა პირველ ადგილზე გავიდეს და ევროპის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდეს. 11:0 – პანტა-პუნტით გადიოდა გოლები "ჟენევას" კარში, არადა, ამ გუნდმა პირველ ტურში "სლოვ მატიკთან" 5:5 ითამაშა. ესე იგი, არცთუ სუსტი გუნდია და მით უფრო სასიხარულოა ქართული კლუბის ასეთი შთამბეჭდავი მოგება. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გოგა ალთუნაშვილი დასახელდა, რომელმაც 3 გოლი შეაგდო და სამივე პირველ ტაიმში. აქვე ვთქვათ, რომ მშვენივრად ითამაშა 16 წლის ჭაბუკმა ვახტანგ ჯვარაშვილმა – ძალიან სურდა გოლის გატანა და ბოლოს ერთი კი არა, 2 შეაგდო. 11 გოლიდან, განსაკუთრებით ლამაზი იყო ბრუნო მელოს სოლო რეიდით გატანილი, როცა მთელი "ჟენევა" მოატყუა და მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი. ალთუნაშვილმა ერთი გოლი ქუსლით შეაგდო... ჩამოთვლა ჭირს კიდეც, ისეთი ნაირ-ნაირი ბურთები გავიდა, ნებისმიერი გემოვნების ქომაგს მოეწონებოდა. მცველ რომარიოს (ისე, რომარიო და მცველი როგორია?) დაწყებული შეტევები და შორი თუ მოკლე პასები ერთი მშვენება იყო. და კიდევ, "ქართული სპორტის ქომაგებზე" ვიტყვით, რომ მხარდაჭერა არ მოაკლეს გუნდს და "იბერია სტარის" მოთამაშეები ყველა გოლს მათ სექტორთან მისვლით აღნიშნავდნენ. ოლეგ სოლოდოვნიკი: "კლასით მეტოქეზე მაღლა ვიდექით და ლამაზი თამაში ვაჩვენეთ. მადლობა გულშემატკივრებს აქტიური მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, ისინი ნამდვილად ნასიამოვნები დარჩებოდნენ. კარგი იქნება, თუ ელიტ-რაუნდსაც თბილისში ჩავატარებთ. "იბერია სტარი" განაცხადს წარადგენს და ვნახოთ... ტრავმის გამო დაგვაკლდა ბეტინიო, თუმცა, ელიტ-რაუნდისთვის მზად იქნება. აქვე ვიტყვი, რომ შემადგენლობის გაძლიერება ეტაპობრივად გაგრძელდება". ფუტსალის თასი-2012. ძირითადი ეტაპი. III ჯგუფი. II ტური "იბერია სტარი" – "ჟენევა" (შვეიცარია) 11:0 (5:0) იბერია სტარი: ტონი, აკოპოვი; ბეტინიო, რონინიო, მელო, ედუ, რომარიო, ძაბირაძე, ალთუნაშვილი (კაპ), ბაპტიშტა, ზოიძე, ჯვარაშვილი. მწვრთნელი: ოლეგ სოლოდოვნიკი. ჟენევა: დანილო, ლეონარდო; დავიდ ურეში, და კოშტა, პინეირო, პრატეში, ნევეში, ჯექსონი, ენრიკესი, მასკარა, სილვა, როდრიგესი. მწვრთნელი: აურო დუარტე. გოლები: 1:0, 2:0 ალთუნაშვილი (4, 5), 3:0 რონინიო (11), 4:0 ალთუნაშვილი (18), 5:0 ედუ (18), 6:0, 7:0 მელო (21, 25), 8:0 ედუ (29), 9:0 მელო (30), 10:0, 11:0 ჯვარაშვილი (36, 38). ჯგუფის მეორე შეხვედრაში სლოვაკეთის "სლოვ მატიკმა" მინსკის "მაპიდს" მოუგო – 2:1.
იბერია სტარი 2 2 0 0 15:0 6 სლოვ მატიკი 2 1 1 0 7:6 4 ჟენევა 2 0 1 1 5:16 1 მაპიდი 2 0 0 2 1:6 0
ბოლო ტური 30 სექტემბერს გაიმართება: 15:30: ჟენევა - მაპიდი. 18:05: იბერია სტარი – სლოვ მატიკი.
|