შაბათი, 2024-12-21, 7:15 PM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » მარტი » 13 » “ერთა თასისთვის” 20 წუთიც საკმარისი აღმოჩნდა
0:49 AM
“ერთა თასისთვის” 20 წუთიც საკმარისი აღმოჩნდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის "ერთა თასის” მე-4 ტურში, რუმინეთს 18:11 სძლია და შარშან დაკარგული "ანთიმოზ ივერიელის” თასი უშუალო მეტოქის ძლევით დაიბრუნა. 4 საათის შემდეგ, ესპანეთმა მადრიდიდან პორტუგალია უქულოდ გაისტუმრა და ამით, "ბორჯღალოსნებს”, 2011 წლის "ერთა თასი”, გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ოფიციალურად დაუკანონა.
მეტოქის ძალის გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრებს გამარჯვების მისაღწევად კარგად ჩატარებული 20 წუთი ეყო. საწყის მეოთხედში "ბორჯღალოსნებს” ყველაფერი გამოსდიოდათ, მათ 2 ლელო გაიტანეს და 15:0 დაწინაურდნენ. ამის შემხედვარე, ტრიბუნაზე შეკრებილი მრავალრიცხოვანი მაყურებელი "ბორჯღალოსანთა” იოლ, დიდი სხვაობით გამარჯვებას ელოდა, მაგრამ დარჩენილ სამოც წუთში (ისევ მეტოქის ძალის გათვალისწინებით), ყველაფერი ისე ვერ აეწყო, როგორც საჭირო იყო და რიჩი დიქსონის შეგირდებმა მონაგარს მხოლოდ 3 ქულა შემატეს, მაგრამ გამარჯვებისათვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა.
უკრაინასთან და ესპანეთთან დიდი ანგარიშებით მოგებულ შეხვედრებში არა, მაგრამ პორტუგალიასთან და რუმინეთთან საქართველოს ნაკრების ნაკლოვანებები და კოზირები ნათლად გამოჩნდა. "ბორჯღალოსნები” ძლიერ მოიკოჭლებენ შეტევაში და მიუხედავად იმისა, რომ ოთხ მატჩში 22 ლელო გაიტანეს (10 უკრაინასთან, 9 ესპანეთთან, 1 პორტუგალიასთან და 2 რუმინეთთან), მათ მიერ მოპოვებული სათამაშო უპირატესობები შედეგში სათანადოდ ვერ აისახა. ეს იმის ბრალია, რომ ხშირი იყო ტექნიკური წუნი და ხშირ შემთხვევაში, იერიშები სათანადო მიმართულებებით არ ვითარდებოდა.
სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრებმა საუცხოო დაცვა აჩვენა და ოთხ შეხვედრაში ერთადერთი ლელო გაუშვა (რუმინეთისგან). ამასთან, მეტოქეებს ქართველთა ნახევარზე გადასვლა უჭირდათ და მათ ოცდაორს თითქმის ვერ უახლოვდებოდნენ, თუმცა, მეტოქეებს რომ ეყოჩაღათ, შეცდომების გამოყენების შანსი ექნებოდათ და "ბორჯღალოსანთა” სამწვრთნელო შტაბს ამ კუთხით გარკვეული სამუშაოს გაწევა მართებს.
ანგარიში შეხვედრის დებიუტშივე გაიხსნა, როდესაც რუმინელები დაჯარიმდნენ და მერაბ კვირიკაშვილმა კარის გასწვრივ დაახლოებით 38 მეტრიდან ბურთი ძელებსშუა გააძვრინა.
პირველი წუთების აქტიურობა მალე ლელოში აისახა. "ბორჯღალოსნებმა” მეტოქის დერეფანი მოიგეს, ჯერ ზირაქაშვილმა, მერე კი გორგოძემ, კარგი დარტყმები განახორციელეს, რუმინელთა ჩათვლის მოედნიდან დაახლოებით ხუთ მეტრში წარმოქმნილი რაქიდან ბურთი კვლავ ზირაქაშვილმა აიტაცა და ლელო დადო, ხოლო კვირიკაშვილმა რეალიზაცია გამოიყენა. განახლდა თამაში და ბურთს კვლავ ქართველები დაეუფლნენ, თედო ზიბზიბაძემ ხაზი გაჭრა, წარმოქმნილი რაქიდან გამოტანილი ბურთი ბესიკ ხამაშურიძემ მიიღო და ლელო გაიტანა, მაგრამ ამჯერად, კვირიკაშვილის რეალიზაცია არაზუსტი აღმოჩნდა - 15:0.
დასაწყისი ისეთი იყო, სტადიონზე შეკრებილი 20 ათასზე მეტი მაყურებელი ქართველთა გალაღებას ელოდა, მაგრამ მასპინძლებს თამაში აერიათ... ამის შემდეგ დაიწყო შეცდომები შეტევასა და დაცვაში. განსაკუთრებით, მე-2 ტაიმში, როდესაც რუმინელები უფრო მეტად გააქტიურდნენ, გაუჭირდათ ხამაშურიძეს და ლექსო გუგავას, რომლებიც ბურთის აღებისას და მისი ამოტანისას სცოდავდნენ, დანარჩენებს კი, შეტევისას, ტრადიციულად, ბურთი წინ უვარდებოდათ. ამასთან, კვლავ იჩინა თავი ევროპელი რეფერების მხრიდან ქართველებისადმი არაკეთილგანწყობილმა დამოკიდებულებამ და ისინი პრაქტიკულად უბურთოდ დატოვეს, მაგრამ, საბედნიეროდ, "მუხის ფოთლებმა” ვერც ამით ისარგებლეს.
ტაიმის შუაწელს, ფლორიან ვლაიკუს ჯარიმიდან სხვაობის შემცირების შანსი მიეცა, მაგრამ დაახლოებით 25 მეტრიდან გასატანი ჯარიმა მიზანს ააცილა, თუმცა, ხუთ წუთში მიზანი გაასწორა - 3:15. მალე ჯარიმის შესრულების უფლება კვირიკაშვილმა მიიღო, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. მერე ქართველთა 2, კარგი სალელოვე შეტევა მათივე შეცდომების გამო გამოუყენებელი დარჩა, სულ ბოლოს კი, რუმინელებმა თამაშის ქართველთა ნახევარზე გადატანა მოახერხეს. "ბორჯღალოსნები” დაცვაში შეუცდომლად გაისარჯნენ და ჩათვლის მოედანი კი არა, საკუთარი 22-იც სათანადოდ დაიცვეს, თუმცა, ბოლოს რუმინელებმა ჯარიმა გამოიყენეს და ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 9-ქულიანი უპირატესობით მოიგო.
მე-2 ტაიმი უფრო ცოცხლად დაიწყო, მაგრამ ბურთზე კონტროლი სტუმრებმა მოიპოვეს. ისინი ფეხით ბურთს მოკლე და გრძელ დისტანციებზე ჰკიდებდნენ და შანსს ელოდნენ. მათ ორჯერ მიეცათ ჯარიმით სხვაობის შემცირების შანსი, მაგრამ ვლაიკუმ ორჯერვე არაზუსტად დაარტყა, შემდეგ გუგავამ მეტოქის ნახევარზე იყოჩაღა, გადაცემა ჩაჭრა და რუმინელებმა ქართველთა იერიში ჯარიმის ხარჯზე შეაჩერეს, კვირკაშვილმა კი კარის გასწვრივ ოციოდე მეტრიდან ზუსტად დაარტყა - 18:6. რუმინელები კვლავ იერიშზე გადავიდნენ, რადგან ჯარიმიდან მიზანი არ უვარგოდათ, ლელოზე ითამაშეს და შეხვედრის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე, ხაზი გაჭრეს. რეფერიმ ლელო ვერ დააფიქსირა და ვიდეოგამეორება მოითხოვა, მისი არარსებობის პირობებში კი, გვერდით მსაჯს ენდო და ლელო ჩათვალა. კალაფეტეანუმ რეალიზაცია ვერ გამოიყენა, მაგრამ დარჩენილმა დრომ დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა.
თამაში, უმეტესად, რუმინელთა ნახევარზე მიმდინარეობდა, კვირკაშვილს ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ "მუხებმა” ცენტრალური ხაზის გადალახვა ვერ მოახერხეს. სალელოვე შანსი "ბორჯღალოსნებს” მიეცათ, თუმცა, ფონს გასვლა არეკნის ხარჯზე სცადეს და კვირიკაშვილმა კვლავ არაზუსტად დაარტყა, მერე კი, სუთიაშვილმა რუმინელთა მოიერიშე, მათსავე 22-ის ხაზთან ისე შებოჭა, ბურთი დააგდებინა და მატჩიც დასრულდა.
უნდა ითქვას, რომ ქართველთა წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს მაყურებლებმა, რომლებმაც ტრიბუნებზე მრავლად მოიყარეს თავი და "ქართული სპორტის ქომაგების” ორგანიზებულ შეძახილებსაც აუბეს მხარი. ნამატჩევს გამარჯვებაში ქომაგების წვლილი თავად მორაგბეებმაც აღნიშნეს და მათ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.
"დიდი მადლობა მაყურებელს, რომელიც ბოლომდე გვერდში გვედგა და ჩვენს წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. მიხარია, რომ "ანთიმოზ ივერიელის” თასი დავიბრუნეთ. რუმინეთი ჩვენს ჯგუფში ყველაზე ძლიერი მეტოქეა და მათთან რთული შეხვედრა რომ გველოდა, თავიდანვე ვიცოდით. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა” - თქვა გუნდის კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ, რომელმაც იმ დროს, ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ სულ მალე საქართველო "ერთა თასის” ოფიციალური მფლობელიც გახდებოდა.
რიჩი დიქსონი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ბიჭები ყველაზე მეტად მაყურებელთა სიმრავლემ გაახარა. ორივე გუნდმა ხარისხიანი თამაში აჩვენა. ჩვენ შეხვედრა კარგად დავიწყეთ და კარგი ლელოებიც გავიტანეთ, ისეთები, რომელთა დადებაში ხელის შეშლა მსოფლიოს ნებისმიერ გუნდს გაუჭირდებოდა, მაგრამ წარმატებულ სტარტს შეცდომები მოჰყვა. თუმცა, დაცვაში ძლიერად ვითამაშეთ. მე-2 ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა, ბურთზე კონტროლი დავკარგეთ და მეტოქის ნახევარზე ვერ დავმკვიდრდით. მიუხედავად ამისა, მოხარული ვარ, რომ წარმატებულ სერიას ვაგრძელებთ. მომავალი თამაშისთვის კიდევ უფრო დავიხვეწებით და უფრო ხარისხიან რაგბის ვითამაშებთ. მსოფლიოს თასის წინ, ჩვენ და რუმინეთმა კარგად წავივარჯიშეთ. დარწმუნებული ვარ, იქ ორივე სხვა გუნდით წარვსდგებით.
როდესაც ბურთს ვაკონტროლებთ, მას სათანადოდ ვერ ვუფრთხილდებით და ეს ჩვენი სისუსტეა, ამასთან, დასახვეწია ფეხით თამაშიც. თუმცა, თუ აქამდე ანგარიშგასაწევ ძალად საქართველოს ნაკრებში მხოლოდ შერკინება ითვლებოდა, ახლა უკანა ხაზიც დაფასებულია. ლაბაძის ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს და ვფიქრობ, რუსეთის წინააღმდეგ ოპტიმალური შემადგენლობით ვითამაშებთ”.
რომეო გონტინეაკი (რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "საქართველოს ნაკრების შერკინებისგან ძლიერ თამაშს ველოდი და ასეც მოხდა. პრაქტიკულად, მატჩის ბედი საწყის 15 წუთში გადაწყდა, როდესაც 2 ლელო გავუშვით. პირველ ტაიმში თქვენმა გუნდმა აშკარად დაგვჩაგრა, მაგრამ მე-2 ნახევარი ჩვენ მოვიგეთ. ქართველებმა კარგი დაცვა ითამაშეს და ამის გამო დავმარცხდით. ვეცდებით, მსოფლიოს თასზე სულ სხვა თამაში ვაჩვენოთ”.
სორინ სოკოლი (რუმინეთის ნაკრების კაპიტანი): "ჩვენ რამდენიმე წამყვანი მორაგბე გვაკლდა და უმეტესად, რუმინულ კლუბებში მობურთალი ახალგაზრდებით ვითამაშეთ. საქართველოს ნაკრების ძირითადი ბირთვი საფრანგეთის უძლიერეს კლუბებში მოთამაშე სპორტსმენებითაა დაკომპლექტებული, თანაც, თქვენ მხარს გულშემატკივართა უდიდესი არმიაც გიჭერდათ. ახალ ზელანდიაში ერთმანეთის პირისპირ მარტონი აღმოვჩნდებით და იქ სულ სხვა თამაში იქნება. დღეს ქართველებმა გვაჯობეს, სწრაფი 2 ლელო გავუშვით და თამაშში დაბრუნება გაგვიჭირდა”...

ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებთა შეხვედრა საქართველო-რუმინეთის დაპირისპირებიდან 4 საათის შემდეგ დაიწყო. მასპინძლებმა ლელო დებიუტშივე გაიტანეს და ზუსტი რეალიზაციის შემდეგ, ესპანეთი 7:0 დაწინაურდა. სტუმრებმა მალე გარდნერის ჯარიმით უპასუხეს, ხოლო მე-20 წუთზე საპასუხო ლელო გაიტანეს, რეალიზაცია გამოიყენეს და 10:7 დაწინაურდნენ. ეს იყო და ეს. ესპანეთმა, ტრიბუნაზე შეკრებილი 9 ათასი მაყურებლის გასახარად, 31-ე წუთზე, ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 37-ე წუთზე გატანილი ჯარიმით ტაიმი 13:10 მოიგო. პორტუგალია დისციპლინაში მე-2 ნახევარშიც მოიკოჭლებდა, რითაც ესპანელებმა კარგად იხეირეს, 4 ჯარიმა გამოიყენეს და 25:10 იმარჯვეს.
ამავე ტურში რუსეთი უკრაინას ეწვია, ერთის წილ 6 ლელო გაუტანა, 4 რეალიზაცია გამოიყენა, ერთხელ ჯარიმაც გაიტანა და 41:5 იმარჯვა. "შეცდომები ამ შეხვედრაშიც იყო, თუმცა, გამარჯვებამ გაგვახარა. ვეცდებით, რომ ნაკლოვანებები გამოვასწოროთ და საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ უკეთ ვითამაშოთ. ვცდილობთ, უფრო დაბალ ტემპში, თუმცა, ორგანიზებულად ვითამაშოთ. საქართველოს ნაკრები მხოლოდ ჩვენთვის კი არა, ყველასათვის რთული მეტოქეა. ვეცდებით, ჩვენი თამაში ვაჩვენოთ და გამარჯვების მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლოთ”, - განაცხადა ნამატჩევს რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი ნერუშმა.   

ევროპის 2011-12 წლების "ერთა თასი”. IV ტური
12 მარტი. თბილისი. "მიხეილ მესხი”. 23000
საქართველო - რუმინეთი 18:11 (15:6)
საქართველო:
 15. ბესიკ ხამაშურიძე, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ლექსო გუგავა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე; 1. დავით ხინჩაგიშვილი (17. გიორგი ჟღენტი 60), 2. ჯაბა ბრეგვაძე (16. ირაკლი ნატრიაშვილი 68), 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. ვახტანგ მაისურაძე (18. გიორგი ნემსაძე 75), 6. გია ლაბაძე (19. გიორგი ჩხაიძე 38), 7. შალვა სუთიაშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
სათადარიგოები: 20. ბიძინა სამხარაძე, 21. ირაკლი ჩხიკვაძე, 22. ლაშა მალაღურაძე.
2 ლელო: ზირაქაშვილი, ხამაშურიძე
1 გარდასახვა: კვირიკაშვილი
2 ჯარიმა: კვირიკაშვილი
მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი (შოტლანდია)

რუმინეთი: 15. იულიან დუმიტრაში, 14. მედელინ ლემნარუ, 13. იონელ კაზანი, 12. რობერტ დესკალუ, 11. კეტელინ ფერკუ, 10. ფლორიან ვლაიკუ, 9. ფლორიან სურუჯუ; 1. ნიკოლაე ნერე, 2. ბოგდან ზებეგა, 3. დრაგოშ დიმა, 4. ვალენტინ ურსაჩე, 5. კრისრიან პეტრე, 6. მიხაი მაკოვეი, 7. დანიელ იანუსი, 8. დანიელ კარპო.
სათადარიგოები: 16. ანდრეა რადოი, 17. ვასილე მარიშკარიუ, 18. სორინ სოკოლი, 19. ვალენტინ პოპირლანი, 20. ვალი კალაფეტეანუ, 21. ჩაბა გალი, 22. დენუც დუმბრავა.
1 ლელო: პოპირლანი
2 ჯარიმა: ვლაიკუ
მწვრთნელი: რომეო გონტინეაკი
რეფერი: დევიდ ვილკინსონი (ირლანდია)
ასისტენტები: მაიკლ ბლექი, ოლივერ ჰოჯისი (ორივე ირლანდია)

უკრაინა - რუსეთი 5:41
ესპანეთი - პორტუგალია 25:10


1.    საქართველო    4    4    0    0    153-26    18
2.    რუსეთი            4    2    0    2     91-83    10
3.    ესპანეთი          4    2    0    2    84-111    10
4.    პორტუგალია    4    2    0    2     67-74    9
5.    რუმინეთი         3    1    0    2     61-45    6
6.    უკრაინა             3    0    0    3    21-138   0    

V ტური. 19 მარტი
რუსეთი - საქართველო (სოჭი)
რუმინეთი - ესპანეთი
პორტუგალია - ესპანეთი

ნანახია: 779 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz