საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, "ერთა თასის” დასკვნით შეხვედრაში, რუსეთს სოჭში 15:9 აჯობა და წლევანდელი გათამაშება "დიდი სლემით” დაასრულა. მასპინძლებმა "ბორჯღალოსნებს” პირველ ტაიმში დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, კვირიკაშვილმა და რაჩკოვმა ჯარიმები გაცვალეს და მეორე ტაიმის წინ, ანგარიში ისევ საყაიმო იყო. მაგრამ, განახლდა თუ არა შეხვედრა, ქართველმა მორაგბეებმა რუს "დათვებს” საკუთარი ნახევრიდანვე მოკლე დარტყმებით შეუტიეს და მეტოქის ჩათვლის მოედანს ხუთ მეტრამდე მიუახლოვდნენ. იქ მასპინძლები დაჯარიმდნენ, ქართველებმა შერკინება ირჩიეს, რუსები ზედიზედ სამჯერ დაჯარიმდნენ და ტექნიკური ლელოთი დაისაჯნენ, კვირიკაშვილმა კი რეალიზაცია გამოიყენა - 10:3. ამას მსაჯის გააქტიურება მოყვა, რომელმაც ჯერ დავით ზირაქაშვილი გაასინბინა, მერე კი რაჩკოვს ორი გასატანი ჯარიმა უბოძა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დააყვანინა. აქ კვლავ "ბორჯღალოსნებმა” იმძლავრეს, მეტოქეს მოლით შეუტიეს, ჯარიმა კარში არ დაარტყეს და აუტში გაიტანეს, მათ მიერ ატეხილ ჩხუბს სათანადო პასუხი გასცეს, მერე აუტიდან მოლი ააგორეს, რუსები საკუთარსავე ჩათვლის მოედანში სულ შეათრიეს და ლელო გაიტანეს. ბურთი ბოლოს ჯაბა ბრეგვაძეს ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ლაშა მალაღურაძეს რეალიზაცია გაუფუჭდა, საქართველოს ნაკრებმა რუსთა მარცხიანი ისტორია დაუსრულებლად გაახანგრძლივა.
|