კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "ბატეს" კარში დუბლი შეასრულა, "ლურჯ-ბროწეულისფერი" მაისურით გატანილი გოლებით დაეწია "ბლაუგრანას" ლეგენდას, ლადისლაო კუბალას, რომლის ანგარიშზეც 194 ბურთია. კუბალა ამ გუნდის ღირსებას 1950 წლიდან 1962 წლამდე იცავდა და აქამდე მეორე ადგილზე იმყოფებოდა "ბარსას" საუკეთესო ბომბარდირებს შორის. ახლა მესი მხოლოდ სეზარ როდრიგესს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 235 შედეგიანი დარტყმაა. ლეოს კიდევ ერთი რეკორდი გახლავთ ევროპულ ტურნირებზე გატანილი გოლების რაოდენობაც. იგი გახდა პირველი არგენტინელი, რომელმაც 40-ჯერ აიღო მეტოქის კარი. მან 39 ბურთი ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო 1-სუპერთასზე გაიტანა და გაუსწრო ერნან კრესპოს, რომელიც აქამდე პირველ ადგილზე იმყოფებოდა 39 ზუსტი დარტყმით. ასევე რეკორდი დაამყარა "ბარსელონამაც". კატალონიელები უკვე ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 23-ე თამაშია მოედნიდან გატანილი გოლის გარეშე არ გადიან. ასე და ამგვარად მათ დაამხეს მიუნხენის "ბაიერნის" რეკორდი, რომელიც დამყარებულ იქნა 1998-2000 წლებში და აღემატებოდა 22 მატჩს.
|