საქართველოსა და ალბანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებები არსებობის ისტორიაში, 29 თებერვალს ერთმანეთს მეთორმეტედ შეხვდებიან.
ალბანელები იმ იშვიათ გამონაკლისს მიეკუთვნებიან, ვისთანაც ქართველებს ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი აქვთ – 11 მატჩიდან საქართველომ 6 მოიგო, 3 წააგო და 2 ფრედ დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თბილისში ჩატარებული თამაშებიდან ქართველებმა ყველა მოიგეს, ხოლო ერთხელ მეტოქე სტუმრადაც დაამარცხეს. ალბანელებს კი, საქართველოს დედაქალაქში სტუმრობის დროს ქულაც არასოდეს აუღიათ.
საქართველოს ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ სანაკრებო კარიერაში ყველაზე მეტი გოლი სწორედ ალბანელებს გაუტანა. მან ამ მეტოქის კარი 6-ჯერ აიღო.
ნაკრების ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს თემურ ქეცბაიამ ალბანელთა წინააღმდეგ 4-ჯერ ითამაშა და 2 გოლი მიითვალა. სხვათა შორის, მწვრთნელის რანგში მან პირველი სანაკრებო გამოცდილება სწორედ ალბანეთთან მიიღო. 2003 წელს, როდესაც გუნდი მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა, ნაკრები ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ ჩაიბარა, რომელსაც ქართველთა გაძღოლა ალბანეთთან ორ შეხვედრაში და რუსეთთან გასვლით მატჩში (1:3) მოუწია. მსგავსი პრეცედენტი ქართულ ფეხბურთში არც მანამდე და არც მას მერე ყოფილა. მაშინ ჟორდანიამ დასახმარებლად სწორედ ქეცბაიას და მიხეილ ყაველაშვილს უხმო. ალბანეთთან გასვლით თამაშში მოხდა ქართველთა სათადარიგოთა სკამზე ჟორდანიასა და გოგა გახოკიძეს შორის ინციდენტი, რის შედეგად, მსაჯმა ქართველი ფეხბურთელი გააძევა. მანამდე და არც მერე, ნაკრების ისტორიაში ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
სხვათა შორის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ციკლებში, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მეტოქედ ყველაზე მეტჯერ – ოთხჯერ - სწორედ ალბანელები ჰყოლია.
29 თებერვალს ქეცბაიას, უკვე როგორც მთავარ მწვრთნელს, ალბანელებთან დაპირისპირება პირველად მოუწევს. შეხვედრა ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 18 საათზე დაიწყება. საქართველო-ალბანეთის დაპირისპირებას მოლდოველ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი გენადი სიდენკო იქნება, რომელსაც ასისტენტობას ოლეგ მოლჩანოვი და ვიტალი გორბატოვი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ქართველი ლევან კვარაცხელია იქნება.
ალბანეთი – საქართველო 0:1 (0:1)
1994 წელი. 14 დეკემბერი. ტირანა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. 19000 მაყურებელი.
საქართველო – ალბანეთი 2:0 (2:0)
1995 წელი. 26 აპრილი. თბილისი. ეროვნული სტადიონი. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. 250000 მაყურებელი.
საქართველო –ალბანეთი 3:0
1998 წელი. 8 თებერვალი. მალტა. ლა-ვალეტა. "ტა-ქალი”. 750 მაყურებელი.
საქართველო –ალბანეთი 1:0 (0:0)
1998 წელი. თბილისი. ეროვნული სტადიონი. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. 35000 მაყურებელი.
ალბანეთი – საქართველო 2:1 (2:0)
1999 წელი. 9 ოქტომბერი. ტირანა. "ქემალ სტაფა”. 8000 მაყურებელი.
საქართველო – ალბანეთი 3:0 (3:0)
2003 წელი. 6 სექტემბერი. თბილისი. ეროვნული სტადიონი. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. 15000 მაყურებელი.
ალბანეთი-საქართველო 3:1 (0:0)
2003 წელი. 10 სექტემბერი. ტირანა. "ქემალ სტაფა”. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. 10500 მაყურებელი.
საქართველო – ალბანეთი 2:0 (1:0)
2004 წელი. 8 სექტემბერი. თბილისი. "მიხეილ მესხი”. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. 20000 მაყურებელი.
ალბანეთი – საქართველო 3:2 (2:0)
2005 წელი. 4 ივნისი. ტირანა. "ქემალ სტაფა”. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. უმაყურებლოდ.
ალბანეთი-საქართველო 0:0
2006 წელი. 22 მარტი. ტირანა. "ქემალ სტაფა”. 2000 მაყურებელი.
ალბანეთი – საქართველო 1:1 (0:1)
2009 წელი. 10 ივნისი. ტირანა. "ქემალ სტაფა”. 2000 მაყურებელი.