2002 წლის 23 თებერვლის შემდეგ, ჟოზე მოურინიოს მიერ გაწვრთნილ გუნდს, ქვეყნის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩში, საკუთარ კედლებში, წაგება არ ჰქონდა. მას შემდეგ, პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდებმა 150 მატჩი ჩაატარეს. მოურინიომ დაუმარცხებლად მოიარა ისეთი ჩემპიონატები, როგორებიცაა პრემიერლიგა და სერია A.ვინ იფიქრებდა, რომ პორტუგალიელის მიერ გაწვრთნილი მადრიდის „რეალი", რომელსაც მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, ყველა საშინაო მატჩი ჰქონდა მოგებული, მოკრძალებულ „ხიხონთან" დამარცხდებოდა „სანტიაგო ბერნაბეუზე".
მატჩის პირველი ტაიმი „რეალმა" საკმაოდ სუსტად ჩაატარა და მადრიდელები ამის გამო დაისაჯნენ - მათ მეორე 45 წუთი 3 ქულის მოსაპოვებლად არ ეყოთ. „ხიხონს" რომ უფრო მაღალი კლასის შემტევები ჰყოლოდა, შესაძლოა, შესვენებაზე გუნდები სტუმართა უპირატესობით გასულიყვნენ, მაგრამ პრესიადოს შეგირდებმა 2 საკმაოდ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს. რაც შეეხება მადრიდელთა მომენტებს, პირველი ტაიმიდან გამოსარჩევია ხედირას სახიფათო, თუმცა არაზუსტი თავური დარტყმა.
IIნახევარი მადრიდელებმა გაცილებით აქტიურად დაიწყეს. მასპინძლები მეტოქის კარზე ზეწოლას უფრო და უფრო აძლიერებდნენ, რასაც, შესაბამისად, სახიფათო მომენტების რაოდენობისა და ხარისხის მატება ერთვოდა თან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შეტევის ხაზში რონალდუსა და ბენზემას გარეშე დარჩენილი „რეალის" იერიშები იმდენად სახიფათო არ იყო, როგორც ამ ორი ფეხბურთელის მოედანზე ყოფნის დროს. მადრიდელებს აკლდათ მარცხენა ფლანგიდან მარსელოს მიერ შეტევების გამწვავებები და რა თქმა უნდა, ჩაბი ალონსოც, ურომლისოდაც, მოურინიოს გუნდს, მოედნის ცენტრში, საკმაოდ გაუჭირდა. მოურინიომ გუნდის თამაშში კორექტივების შეტანა მოედანზე თამაშს დანატრებული იგუაინის შეშვებით სცადა და მართალია არგენტინელს გატანის კარგი შანსიც მიეცა, მაგრამ „სამეფო გუნდის" მარცხისგან ხსნა ვერც მან მოახერხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე გავიდა, როდესაც მადრიდელთა ნახევარდაცვის ბარიერი სტუმრებმა იოლად გადალახეს, 2 ფეხბურთელის ცრუ მანევრის შემდეგ, მასპინძელთა მცველებმა დე ლას კუევასი დასარტყმელ პოზიციაზე დატოვეს და ამ უკანასკნელმაც, 3 ქულის მომტანი გოლი გაიტანა.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ორივე ტაიმის მიწურულს, სადავო სიტუაციაში, მსაჯმა სტუმარი გუნდის მხარე დაიჭირა. 42-ე წუთზე, კუთხურიდან მოწოდებული ბურთი „ხიხონის" მცველს, საკუთარ საჯარიმოში, ხელზე მოხვდა, მაგრამ ხოსე ლუის გონსალესმა თერთმეტმეტრიანის დანიშვნისგან თავი შეიკავა. 83-ე წუთზე კი, ხედირას დარტყმის შემდეგ, ხუან პაბლომ ბურთი თითქოს კარს შიგნიდან გამოიტანა, მაგრამ არბიტრის სასტვენი ამჯერადაც დუმდა. მიუხედავად ამისა, მაინც უნდა ითქვას, რომ „რეალმა" მარცხის მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძებოს. მიმდინარე სეზონში პირველად არ ხდება, როდესაც სუსტი მეტოქის წინააღმდეგ, მადრიდელები სათანადო განწყობით ვერ გადიან მოედანზე. მოურინიოს შეგირდებმა ქულები შვიდ შეხვედრაში დაკარგეს და აქედან ხუთ შემთხვევაში, მათი მეტოქე ცხრილის მე-2 ნახევარში მყოფი გუნდი იყო.
მატჩის შემდეგ, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ თუ „ბარსელონა" „ვილიარეალს" დაამარცხებდა, „რეალისთვის" ლა ლიგის მოგება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა.
ასეც მოხდა, კატალონიელებმა ძლიერი მეტოქე გასვლაზე დაამარცხეს და მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდი სხვაობით, 8 ქულით გაიჭრნენ წინ. არ შეიძლება მოურინიოს არ დავეთანხმოთ იმის გათვალისწინებით, რომ განვლილ 30 ტურში, „ბარსას" სულ 9 ქულა აქვს დაკარგული და სასწაული უნდა მოხდეს, კატალონიელებმა დარჩენილ 8 შეხვედრაში, ამდენივე ქულა რომ დაკარგონ. გარდა ამისა, ლა ლიგის ისტორიაში ჯერ არ მომხდარა, რომ გათამაშების დასრულებამდე 8 ტურით ადრე, რვა ქულით წინ მყოფ გუნდს ჩემპიონობა დაეთმოს.
რაც შეეხება უშუალოდ გუშინდელ შეხვედრას - მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე კატალონიელებს 3 ქულის მოპოვება საკმაოდ გაუჭირდათ. გამარჯვებას ისინი ვიქტორ ვალდესს უნდა უმადლოდნენ, რომელიც უდავოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. პირველ ტაიმში, სტუმართა კარის დარაჯმა, 2-ჯერ იხსნა გუნდი გოლის გაშვებისგან. პირველ ეპიზოდში, მან პირისპირ გასულ მეტოქეს არ გაატანინა, რამდენიმე წუთში კი, როსის ძალიან სახიფათო დარტყმული უკუაგდო.
IIნახევარში, „ბარსა" ჩვეულ სტილში ათამაშდა და მასპინძელთა უმთავრესი საზრუნავი ბურთის მოპოვება გახდა. სტუმრებმა ერთადერთი გოლი 67-ე წუთზე გაიტანეს. კუთხურის მოწოდების შემდეგ, ბურთს თავი ბუსკეტსმა წაჰკრა და პიკეს კარგი პასი გაუკეთა. ბოლო დროს, დაცვაში არცთუ საიმედოდ მოთამაშე კატალონიელმა უკანახაზელმა, ბურთი მკერდით გაიჩერა და ზუსტი დარტყმით, მას ადგილი ლოპესის კარში მიუჩინა. აქვე ერთი საკმაოდ საინტერესო მონაცემი - „ბარსელონამ" კუთხურის მოწოდების შემდეგ გოლი 2010 წლის 19 სექტემბრის შემდეგ პირველად გაიტანა. 6 თვის წინათაც, მადრიდის „ატლეტიკოსთან" გასვლით შეხვედრაში, კატალონიელებს გამარჯვება პიკემ მოუტანა. შეხვედრის მიწურულს, მასპინძლებს გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ კვლავ ბრწყინვალედ ითამაშა ვალდესმა, რომელმაც 86-ე წუთზე, კასორლას მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ფეხით მოიგერია.
სტუმარი გუნდის გამარჯვებით დასრულდა დღის მე-3 შეხვედრაც. ხეტაფეში, ამავე სახელწოდების გუნდი, პირველი ტაიმის შემდეგ, „ვალენსიას" 1:0 ამარცხებდა, მაგრამ მადრიდელთა ყოფილმა თავდამსხმელმა, რობერტო სოლდადომ მათ 4 გოლი გაუტანა და „ღამურები" შინ 3 ქულით დაბრუდნენ. ამ მოგების შემდეგ, ისარგებლა რა „ვილიარეალის" წაგებით, „ვალენსიამ" მე-3 ადგილი დაიბრუნა.
მადრიდი,"სანტიაგო ბერნაბეუ”70000
რეალი-ხიხონი 0:1 (0:0)
რეალი(4-2-3-1): კასილიასი, რამოსი, ალბიოლი (პეპე 71), კარვალიო, არბელოა, დიარა, ხედირა, დი მარია (კანალესი 71), იოზილი, გრანერო (იგუაინი 57), ადებაიორი
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
ხიხონი(4-2-3-1): ხუან პაბლო, ლორა, ერნანდესი, ბოტია, კანელა (ხოსე ანხელი 6), რივერა, კაზესი, ნოვო, კასტრო (ეგურენი 58), დე ლას კუევასი, ბარალი (სანგოი 76)
მწვრთნელი: მანუელ პრესიადო
გოლი: 0:1 დე ლას კუევასი (79)
გაფრთხილება: რამოსი 42, დი მარია 63, დიარა 74, ალბიოლი 81 - ხოსე ანხელი 39, ხუან პაბლო 84, ნოვო 86
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი
დარტყმა33 (13)-4 (1); ჯარიმა17-14; კუთხური10-1; თამაშგარე1-3; ბურთისფლობა72%-28%; სეივი0-13
ხეტაფე,"ალფონსო პერესი”12000
ხეტაფე-ვალენსია 2:4 (1:0)
ხეტაფე(4-2-3-1): უსტარი, ტორესი, კატა დიასი, მარკანო, მანე, ბორხა (სარდინერო 72), პარეხო, მოსკერა (სანჩესი 65), მიკუ, მანუ, არისმენდი (რიოსი 66)
მწვრთნელი: მიჩელი
ვალენსია(4-2-3-1): სანჩესი, ბრუნო, დეალბერტი, რ. კოშტა (სტანკევიჩუსი 57), მეტიუ (ალბა 81), ტოპალი, ტ. კოსტა, ერნანდესი, ჟონასი (მადურო 79), მატა, სოლდადო
მწვრთნელი: უნაი ემერი
გოლები: 1:0 მანუ (13), 1:1 სოლდადო (46), 1:2 სოლდადო (64), 1:3 სოლდადო (66), 1:4 სოლდადო (77), 2:4 სარდინერო (87)
გაფრთხილება: კატა დიასი 42 - დეალბერტი 17, ჟონასი 78
მსაჯი: დელგადო ფერეირო
დარტყმა13 (6)-12 (5); ჯარიმა11-11; კუთხური7-7; თამაშგარე4-1; ბურთისფლობა42%-58%; სეივი1-4
ვილიარეალი,"ელ მადრიგალი”22000
ვილიარეალი-ბარსელონა 0:1 (0:0)
ვილიარეალი(4-4-2): ლოპესი, გასპარი, როდრიგესი, მუსაჩო, კატალა, ვალერო, ბრუნო, მარჩენა (კანი 71), კასორლა, როსი, რუბენი (ნილმარი 57)
მწვრთნელი: ხუან გარიდო
ბარსელონა(4-3-3): ვალდესი, ალვეში, პიკე, ბუსკეტსი, ადრიანო, მასკერანო, კეიტა (მესი 53), ტიაგო, აფელაი (ჯონათანი 84), ინიესტა, ვილია (ბოიანი 70)
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა
გოლი: 0:1 პიკე (67)
გაფრთხილება: ბრუნო 15, მარჩენა 50 - პიკე 40, ალვეში 55, ვალდესი 90, ბუსკეტსი 90
მსაჯი: რამირეს დომინგესი
დარტყმა7 (3)-10 (6); ჯარიმა10-14; კუთხური3-8; თამაშგარე0-4; ბურთისფლობა30%-70%; სეივი5-3