სამშაბათი, 2024-05-14, 1:27 AM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » მარტი » 27 » ფავორიტის მძიმე ტვირთი
4:07 PM
ფავორიტის მძიმე ტვირთი

89 წუთი ისე ჩაატარა საქართველოს ნაკრებმა, მეტოქის კარის ჩარჩოში ბურთი არ მოუხვედრებია. ასეთ სიტუაციაში, უგოლო ფრე მშვენიერი შედეგი იქნებოდა, მაგრამ "ჯვაროსნების” უხუცესმა წარმომადგენელმა ლევან კობიაშვილმა, შედეგი კიდევ უფრო გაამშვენიერა. ალბათ გადაჭარბებული ნათქვამი არ იქნება - თბილისის "დინამოს” 1981 წლის ევროპული საკლუბო ტრიუმფის შემდეგ, ქართველებს ფეხბურთში ასეთ დონეზე ასე არ გაუხარიათ. მსოფლიო რეიტინგში მე-8 ადგილზე მყოფ ხორვატიასთან მოგებამ, ყველა წინა სანაკრებო წარმატება "დაჩრდილა”.
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი არც ამჯერად დამარცხდა და სანაკრებო დონეზე "ჯვაროსნების” მიერ ზედიზედ წაუგებელი მატჩების რიცხვი 10 გახდა. ამავე მატჩს კიდევ ერთი იუბილარი ჰყავდა - ხორვატთა თავკაცი სლავენ ბილიჩი. მისი თავკაცობით "ვარტენი” 50-ე მატჩს ატარებდა, რომელთაგან ბოლო 14-ში წაგება არ იცოდა.
ეს ციფრები. თავად გუნდების ტაქტიკურ განლაგებას თუ გადავხედავთ, სტუმრები მოსაგებად იყვნენ ჩამოსულები, რაც ბილიჩმა თამაშის მიმდინარეობისას შეტანილი კორექტივებითაც დაამტკიცა. თუმცა ჯერ ქეცბაიას არჩევანზე ვთქვათ.
დაცვის ხაზი მარჯვნიდან მარცხნივ - სალუქვაძე, ხუბუტია, ამისულაშვილი, კალაძე. ხიზანიშვილი მცველების წინ განლაგებულ შუახაზელს თამაშობდა, დაუშვილი უმეტესად ჩაშლაზე ორიენტირებულ საყრდენ ნახევარმცველს, ხოლო კანკავას, კლასიკური, ყველგანმავალი ფლეიმეიქერის ფუნქცია უნდა ეკისრა. ნახევადაცვის მარცხენა ფლანგი კობიაშვილს ებარა (მას, იმ დროს, როცა კალაძე "გაჭირვებაში მყოფ” ცენტრალურ მცველებს ეხმარებოდა, კაპიტნის დაზღვევაზე თამაში უწევდა), მარჯვენა კი იაშვილს. გამოკვეთილი ფორვარდის უფლებამოსილება დვალიშვილს ჰქონდა დაკისრებული.
ბილიჩმა 4-4-1-1 სქემით დაიწყო თამაში, მაგრამ რომ შეატყო, ქართველთა შეუვალ დაცვას იოლად ვერაფერს აკლებდა, სამ გამოკვეთილ ფორვარდზე გადავიდა. დაცვის ხაზში სრნა, ჩორლუკა, ლოვრენი და სტრინიჩი იყვნენ გამწესებული. წინწაწეული საყრდენი მოდრიჩი იყო, დუიმოვიჩი კი - უკანა. ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგი რაკიტიჩს ებარა, მარცხენა - კრანჩარს. გამოკვეთილ ფორვარდ კალინიჩს, ცოტათი უკნიდან პეტრიჩი ეხმარებოდა, მაგრამ როგორც ზემოთ ვთქვით, როცა ხორვატებს მიზნის მიღწევა გაუჭირდათ, ბილიჩმა კრანჩარის ნაცვლად ცენტრფორვარდი იელავიჩი შემოიყვანა, საფინალო სასტვენამდე 7-8 წუთით ადრე კი იაშვილის სტილში ფორვარდის მარჯვნიდან დამხმარე პეტრიჩი, გამოცდილი ბაიერნელი პრანიჩით შეცვალა და მხოლოდ ქართველთა კარის სიახლოვეს ყოფნა დაავალა.
ახლავე ვთქვათ - ხორვატებთან სენსაციური წარმატების უმთავრესი წინაპირობა, "ჯვაროსნების” მუდმივი და აზრიანი მოძრაობა გახლდათ. ქართველები არ ჩამორჩნენ მეტოქეს და აკი დასაჩუქრდნენ კიდეც 3 ქულით. აშკარად საუკეთესო სანაკრებო მატჩი ჩაატარა ჯაბა კანკავამ, რომელმაც გუნდისთვის ძალიან დიდი და სასარგებლო სამუშაო გასწია. გადაცემების გაკეთებისას, ჩვეულებრივზე მეტად სცოდავდა ზურაბ ხიზანიშვილი, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მეტოქის კარს ყველაზე (3) მეტჯერ სწორედ ის დაემუქრა. პირველად, ეს 73-ე წუთზე მოხდა, როცა კობიაშვილის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ნახტომში თავით შეუცვალა მიმართულება და ოდნავ ააცილა კარის ჩარჩოს; აქედან 3 წუთში, გოგუას მიერ შესრულებული "სტანდარტი” ხორვატმა მცველებმა პირდაპირ "ხიზანაზე” მოიგერიეს და მანაც მკერდით შესწორებული ბურთი, ძირსდაუშვებლად და კვლავაც უზუსტოდ დაჰკრა; ბოლოს კი, "რედინგის” მცველი დაახლოებით 40 მეტრიდან შეეცადა უქმად მყოფი რუნიეს "შეფხიზლებას”, მაგრამ კიპერს არც ამჯერად მოუწია საქმეში ჩართვა.
აშკარაა, თემურ ქეცბაიას, 3 შემცვლელიდან ყველაზე მეტად ოთარ მარცვალაძემ გაუმართლა (სწორედ იგი იყო საგოლე პასის ავტორი). ხშირი სათამაშო პრაქტიკის უქონელმა სირაძემ ჩვეულ სტილში ვერ ითამაშა და მინდორზე იმაზე გაცილებით პასიური იყო, ვიდრე მისი წინამორბედი დვალიშვილი. გოგუასთვის რომ მწვრთნელებს მინდორზე უფრო მეტი ხნით ყოფნის ნება მიეცათ, შესაძლოა ქართველთა ფლანგურ შეტევებს მეტი სიმწვავე ჰქონოდათ. თუმცა, სწორედ გოგუას შემოყვანის შემდეგ მარცხენა ფლანგიდან კობიაშვილის ნახევარდაცვის შუაში გადაადგილებას მოჰყვა, ის საგოლე კომბინაცია, რომელმაც ქართველები უზომოდ გაახარა.
გოლამდე ათიოდე წუთით ადრე, მარცვალაძემ ისეთი სოლო-რეიდი განახორციელა სტუმართა კარისაკენ, ფეხბურთში მხოლოდ სილამაზის ელემენტების შემნიშვნელ მაყურებელს, გოლად რომ უღირდა. ოთარმა მისი ინდივიდუალიზმი, კიდევ ერთხელ მატჩის ბოლო წუთზე  წარმოაჩინა - ხორვატთა საჯარიმოს მარცხენა კუთხეში, თანაგუნდელის შორი გადაცემით ჩაკიდებული ბურთი იღბლიანად მოიხელთა, მოძრაობაში მეტოქის მცველი უკან მოიტოვა და საჯარიმოში მყოფ უმეთვალყურეოდ დარჩენილ კობიაშვილს უპასა. ლევანის ცაციათი დარტყმულს, კიპერი მისგან მარცხენა დაბალ კუთხეში ელოდა და უკვე გადამხტარმა, ისღა მოახერხა, კარის შუაგულ მიმავალ ბურთს მარჯვენა ხელი უშედეგოდ წაჰკრა - 1:0. ეს, "კობის” ხანგრძლივ სანაკრებო კარიერაში (იგი ამ დღეს 94-ე მატჩს ატარებდა) გატანილი 12 გოლიდან, ყველაზე ღირებული იყო.
მოედანზე, გოლით გამოწვეული სიხარულის აღნიშვნა დასრულდა და მე-4 მსაჯმა ელექტროტაბლოთი გვამცნო - ჩემმა თანამემამულე არბიტრმა 3 წუთი დაამატაო. ეს 3 წუთი იყო ქართველთა დაცვისა და კიპერისთვის (თუმცა, საჯარიმოში ნახევამცველებიც მრავლად იყვნენ)  ყველაზე "ჯოჯოხეთური” პერიოდი. ხორვატები პრაქტიკულად მთელი გუნდით დასახლდნენ "ჯვაროსნების” საჯარიმოში და საპასუხო გოლთან ყველაზე ახლოს დანიელ პრანიჩი გახლდათ. ბაიერნელმა სახიფათოდ გაისროლა რევიშვილის სამფლობელოსაკენ, მაგრამ ძალიან დამაჯერებლად მოქმედმა ქართველმა კიპერმა, ნახტომში ხელით მოგერიებული, განმეორებითი მცდელობით, კუთხურზე ფეხით გადააგდო.
ზედიზედ 10 მატჩში (აქედან 5 ევრო-2012-ის შესარჩევში) უძლეველობით, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა კიდევ უფრო სასიამოვნოდ დაიმძიმა ზურგზე აკიდებული პასუხისმგებლობის ტვირთი. უახლოესი გამოცდა, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილებს, 29 მარტს ისრაელში აქვთ ჩასაბარებელი. არადა, სულ სხვა განცდაა, როცა სტუმრად ჩასულს, ფავორიტად მიგიჩნევენ და მეტოქე განსხვავებული რიდით გაკვირდება.  
           
თბილისი. 26 მარტი, 2011. "ბორის პაიჭაძე”, 55000 მაყურებელი. 21:00
საქართველო - ხორვატია 1:0 (0:0) 
საქართველო: რევიშვილი, სალუქვაძე, ხუბუტია, ამისულაშვილი, კალაძე (კაპ), ხიზანიშვილი, კანკავა, დაუშვილი (გოგუა, 73), იაშვილი (მარცვალაძე, 62), კობიაშვილი, დვალიშვილი (სირაძე, 46).
სათადარიგოები: ლორია, კაშია, ალადაშვილი, კვირკველია.
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
ხორვატია: რუნიე, სრნა (კაპ), ლოვრენი, ჩორლუკა, სტრინიჩი, რაკიტიჩი (პერიშიჩი, 61), დუიმოვიჩი, მოდრიჩი, კრანჩარი (იელავიჩი, 70), პეტრიჩი (პრანიჩი, 84), კალინიჩი.
სათადარიგოები: პლეტიკოშა, შიმუნიჩი, ვუკოევიჩი, მანძუკიჩი.
მთავარი მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი.
გაფრთხილებები: დუიმოვიჩი (52), კრანჩარი (65), მარცვალაძე (71).
გოლი: 1:0 კობიაშვილი (90).
მსაჯები: პაოლო ტალიავენტო; ლუკა მაჯიანი, ნიკოლა ნიკოლეტი; პაოლო ვალერი (იტალია).
კარში დარტყმა - 1-6; კარისკენ დარტყმა - 5-8; კუთხური - 2-9; ჯარიმა - 10-18.

F ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა 27 მარტისთვის

 გუნდები
1.საბერძნეთი53205:211
2.ხორვატია53118:210
3.საქართველო52304:29
4.ისრაელი52127:67
5.ლატვია51134:74
6.მალტა50051:100
ნანახია: 728 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz