საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც ხორვატების წინააღმდეგ სათამაშოდ გავა, ბოლომდე დაიხარჯება. ეროვნული გუნდის თავკაცს ახარებს ის ვითარება, რომ მთელი საქართველო მომავალი მატჩის მოლოდინით ცხოვრობს. "სასიხარულოა, რომ ნაკრები ბაზას დაუბრუნდა. უღრმესი მადლობა ყველას, დაწყებული კომპანია "ქართუდან”, დამთავრებული ფეხბურთის ფედერაციითა და ყველა იმ ადამიანით, ვინც 24 საათი მუშაობდა, რომ ნაკრები ბაზაზე მომზადებულიყო. ყველას მოგეხსენებათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის ჩვენი ქვეჯგუფის ლიდერთან. ნაკრებში რომ კარგი განწყობაა, ამაზე საუბარი ზედმეტია. დღეს-ხვალ ყველა შევიკრიბებით. ხუთი დღე გვაქვს, რომ კარგად მოვემზადოთ და კარგ დონეზე შევხვდეთ მომავალ თამაშს. ხორვატია ერთ-ერთი საუკთესო გუნდია არა მარტო ჩვენ ჯგუფში, არამედ, ევროპაში. კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ჩვენც კარგი ფეხბურთელები გვყავს. მნიშვნელოვანია, რომ ვინც გვყავს გამოძახებული, მათი უმეტესობა საკუთარ კლუბებში ძირითად შემადგენლობაში თამაშობს. ვინც გამოვა მოედანზე ყველაფერს დადებს, რომ გულშემატკივარი გაახაროს. ვიცი, რომ მთელი კვირა საუბარი სწორედ ხორვატებთან თამაშზე იქნება. მიხარია, რომ დაბრუნდა დრო, როდესაც მთელი საქართველო ამ თამაშით ცხოვრობს” – განაცხადა დღეს, ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაში” გამართულ პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიამ. აკაკი ხუბუტია: "მინდა გავიმეორო ის, რაც ბატონმა თემურმა აღნიშნა და მადლობა გადავუხადო ყველას იმისათვის, რაც ბაზაზე გაკეთდა. ძალიან სერიოზული თამაში გველის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ვასახელოთ, რათა წინ წავიწიოთ. ამის შესაძლებლობა გვაქვს. ერთ მუშტად უნდა შევიკრათ”. ამის შემდეგ, თემურ ქეცბაიამ ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა: - რამდენად მოახერხებთ მალხაზ ასათიანის სრულფასოვნად შეცვლას? ის ხომ შარშან ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო და საუკეთესოთა შორის გახლდათ. - რა ვქნათ, ფეხბურთი ასეა. ამას ვერ გავექცევით. ჩვენი ამოცანაა, რომ იმ ფეხბურთელების შემცვლელები მოვძებნოთ, ვინც ვერ ჩამოვა. მალხაზს ვესაუბრე და მსურდა, რომ ჩამოსულიყო, რათა ჩვენთან ერთად ყოფილიყო. თუმცა, რაღაც პრობლემების გამო, ვერ ჩამოვა. არის კიდევ სხვა პრობლემებიც. დარწმუნებული ვარ, რომ ის ფეხბურთელები, ვინც მოედანზე გავლენ, ყველაფერს გააკეთებენ, რომ თამაში მოვიგოთ. რთული მატჩი იქნება, თუმცა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ბევრი ძნელი თამაში ჩავატარეთ და იმედია, ახლაც გავართმევთ თავს. - რუსული მასმედია იუწყებოდა, რომ ჯანო ანანიძეს ტრავმა აქვს... - ჯანოს ველაპარაკე და კოჭი აწუხებს. მისი თქმით, ექიმებმა უთხრეს, რომ უნდა დაისვენოს. ჩამოსვლით, ნებისმიერ შემთხვევაში ჩამოვა და ყველაფერი ადგილზე გაირკვევა. არა მგონია, რომ მას "სპარტაკი” რაიმეში ხელს უშლიდეს. - თუ ანანიძემ თამაში ვერ შეძლო, აპირებთ კიდევ ვინმეს გამოძახებას? მითუმეტეს, ნაკრებს ზედიზედ ორი თამაში (29 მარტს, სტუმრად ისრაელთან - რედ.) აქვს ჩასატარებელი და არაა გამორიცხული, რომელიმე ფეხბურთელი გუნდს ტრავმის, ან დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოაკლდეს... - ამ შემადგენლობას კიდევ ნიკოლოზ გელაშვილი დაემატება და სულ ეს იქნება. - მათე ვაწაძემ რატომ ვერ მოახერხა შეკრებაზე ჩამოსვლა? - ამ შემთხვევაში, ფეხბურთელის მიმართ გუნდის არასწორ მიდგომასთან გვაქვს საქმე. თავად მათეს უნდოდა ჩამოსვლა, მაგრამ მას რუსეთის ტერიტორია ერთხელ უკვე დატოვებული აქვს და კიდევ დატოვების შემთხვევაში, უკან შესაძლოა ვეღარ დაბრუნდეს. ასეთ შემთხვევაში მის ჩამოსვლას აზრი არ აქვს, რადგან საქართველოშიც ვეღარც ითამაშებს და ვერც რუსეთში. ეს გუნდმა უნდა უზრუნველყოს, რომ ფეხბურთელი როდესაც რუსეთის ტერიტორიას დატოვებს, უკან დაბრუნება უპრობლემოდ შეეძლოს. ამიტომ, არ გვინდა მათეს ხელი შევუშალოთ. გახსოვთ, როგორც მოხდა ბარაბაძესთან დაკავშირებით – ჩამოვიდა რუსეთიდან ნაკრებში და შემდეგ ვეღარ წავიდა, რის გამოც, უგუნდოდ დარჩა. გასაგებია, რომ შეგიძლია ფეხბურთელს უთხრა - გინდა თუ არა ჩამოდიო, მაგრამ მათე იქნება თუ ვინმე სხვა, მხოლოდ ერთი-ორი თამაშისთვის არ გვჭირდება და მომავლისკენაც ვიხედებით. ისინი ახალგაზრდები არიან და თავის გამოჩენის საშუალება კიდევ ექნებათ. - ხორვატებთან ქულა რომ ავიღოთ, რამდენად კმაყოფილი იქნებით? - ალბათ, მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ქულა არ გვაწყობს. ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია ჩვენთვისაც და ხორვატებისთვისაც. სასიამოვნოა, რომ სტადიონი გაივსება. ფრე ცუდი შედეგი არ იქნება. - ბოლო ამხანაგურ მატჩში ხორვატებმა ჩეხებს 4:2 მოუგეს. თუ უყურეთ ამ თამაშს და მეტოქის შესახებ რამდენად ინფორმირებული ხართ? - ყველანაირად ინფორმირებული ვართ და ხორვატების ყველა ფეხბურთელს ვიცნობთ. ჩეხებთან თამაშსაც ვუყურეთ. ხორვატია კარგი გუნდია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მასთან თამაში არ შეიძლება. თამაში ყველასთან შეიძლება. ჩვენზე ფსიქოლოგიურად კარგად იმოქმედებს ის, რომ საკუთარი ბაზა და "სახლი” გვაქვს. გარდა ამისა, სტადიონზე რომ მივალთ, ვიცით, რომ გულშემატკივრები ყველაფერს გააკეთებენ, რათა მხარი დაგვიჭირონ. ესეც დადებითად იმოქმედებს. ხორვატებს ყველა რგოლში კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. მათ თაობაზე ჩვენს მოთამაშეებს ყველა ინფორმაციას მივცემთ. ხორვატების მიერ ჩატარებულ ბოლო 2-3 თამაშის ვიდეოფირსაც ვაჩვენებთ. - რა ხდება ლევან გვაზავასთან და გია გრიგალავასთან დაკავშირებით? მათ თუ აკვირდებით? - მე ვერ გადავწყვეტ ყველას ვიზის პრობლემას. ჩვენ ყველას ვაკვირდებით და შანსს მივცემთ. თავის გამოჩენის საშუალება ყველას მიეცემა, მაგრამ უპირველესყოვლისა, ვიდრე ნაკრებში მოვიწვევდეთ, მათ კლუბებში უნდა გამოიჩინონ თავი. - გარკვეულ პრობლემას ხომ არ შეგიქმნით ის ფაქტი, რომ რომ რუსეთში მოთამაშე ნაკრების ფეხბურთელებმა სეზონი ცოტა ხნის წინ განაახლეს და სათამაშო ფორმის პიკში არ არიან? - გეთანხმებით, რომ ამ მხრივ გარკვეული პრობლემა არის. ცხადია, ასეთ შემთხვევაში, იმათთან შედარებით, ვისაც უკვე 30 თამაში აქვს ჩატარებული, ძნელია ერთ დონეზე იყო. თუმცა, ერთ თამაშში ყველაფრის გაკეთება და "ჩადება” შეიძლება. მთავარია, როგორ მოემზადები და მოედანზე როგორი მოტივაციით გახვალ. ჩვენ ფეხბურთელებს მოტივაცია არ სჭირდებათ, რადგან ჯგუფის ლიდერს ვეთამაშებით. გასულ წელს ევროპაში ორი გუნდი იყო, რომელსაც თამაში არ წაუგია – ჩვენ და ხორვატია. იმედი მაქვს, ამ სერიას გავაგრძელებთ. საქართველოსა და ხორვატიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 26 მარტს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთები 20 მარტიდან გაყიდვაშია.
|