2008 წლის 21 სექტემბერს, ხიხონში, „ელ მოლინიონის" სტადიონზე, ხოსეპ გვარდიოლას მიერ გაწვრთნილმა „ბარსელონამ" პირველად ითამაშა ის ფეხბურთი, რომელსაც გულშემატკივრები დღემდე აღტაცებაში მოჰყავს. მას შემდეგ ორნახევარი წელიწადი გავიდა და იგივე სტადიონზე, აქამდე არნახული შედეგის მქონე „ბარსელონა" მიწაზე დააბრუნეს. გუშინდელ შეხვედრამდე, კატალონიელებს ზედიზედ 16 მატჩი ჰქონდათ მოგებული, რაც ლა ლიგის ყველა დროის რეკორდია. გვარდიოლას შეგირდები, განსაკუთრებით წარმატებით თამაშობდნენ გასვლით მატჩებში. მიმდინარე გათამაშებაში, მეტოქის მოედანზე, „ბარსამ" პირველად დაკარგა ქულები.
როდესაც ისეთი დონის გუნდის ფეხის დაცდენასთან გვაქვს საქმე, როგორიც დღევანდელი „ბარსელონაა", არ შეიძლება მიზეზი მხოლოდ ერთი იყოს. ამ შემთხვევაში, მიზეზი მართლაც ბევრია. უპირველესად, აღვნიშნოთ, რომ „არსენალთან" მოახლოებული თამაშის წინ, გვარდიოლამ შემადგენლობის გადახალისება გადაწყვიტა და ტრავმირებული პუიოლის გარდა, სასტარტო 11 ფეხბურთელს მიღმა აბიდალი, ბუსკეტსი და პედრო დარჩნენ. უკვე ტრადიციადაა ქცეული, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ, „ბარსელონას" თამაში უჭირს. გამონაკლისი არც გუშინდელი მატჩი ყოფილა, როდესაც კატალონიელებს მობილიზება აშკარად აკლდათ. პირველ ტაიმში, ჩვეულზე შესამჩნევად მეტი არაზუსტი გადაცემა გააკეთა მესიმ; უჩვეულოდ ხშირად კარგავდა ბურთს ინიესტა; ლა ლიგაში, ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩენილი აფელაი შესვენებამდე და მის ნაცვლად მოედანზე შესული პედრო შესვენების შემდეგ, საერთოდ არ ჩანდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, „ბარსამ" ცუდად ითამაშა. თუმცა, ცუდად მოთამაშე „ბარსელონასთანაც" კი ძნელია დადებითი შედეგის მიღწევა, თუ თავად არ იმოქმედე კარგად. შეიძლება ითქვას, რომ გუშინდელ შეხვედრაში, პრესიადომ გვარდიოლა დაჩაგრა. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები მხოლოდ შეხვედრის ერთი მეხუთედის განმავლობაში ფლობდნენ ბურთს და მათი სხვა სტატისტიკური მონაცემებიც ვერ გაუტოლდება მეტოქისას, მაინც თამამად შეიძლება ითქვას, რომ შედეგი სამართლიანია -„სპორტინგმა" ქულა დაიმსახურა, „ბარსელონამ" მოგება - არა.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პირველ ტაიმში, მასპინძლები უფრო სახიფათოდ უტევდნენ. ერთ-ერთ მათ იერიშს ანგარიშის გახსნაც მოჰყვა. მე-16 წუთზე, კონტრშეტევის დროს, მარცხენა ფლანგზე მოთამაშე ბარალმა პიკეს აჯობა, საჯარიმოში შეჭრილმა მილიტოც იოლად დაიბრიყვა და ბურთი მეკარისგან შორეულ ქვედა კუთხეში მოათავსა. შესვენებამდე, სტუმრებმა ერთადერთხელ შეუტიეს სახიფათოდ, როდესაც ინიესტამ გაიბრწყინა. 33-ე წუთზე, „ბარსას" მე-8 ნომერი, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, საჯარიმოში შეიჭრა და კარგადაც დაარტყა, მაგრამ მთელი მატჩის განმავლობაში თითქმის უშეცდომოდ მოთამაშე კუელარის ბარიერი ვერ დასძლია.
პირველ ტაიმში, ხიხონელები ბურთის მოპოვებას მოედნის ცენტრში ცდილობდნენ და მეტოქეს გვარიან პრობლემებსაც უქმნიდნენ, შესვენების შემდეგ კი, მასპინძლებმა უკან დაიხიეს. შედეგად, „ბარსელონა" მეტოქის საჯარიმოს უფრო იოლად უახლოვდებოდა და მართალია წინააღმდეგობას უკვე იქ აწყდებოდა, მაგრამ სახიფათო იერიშების განხორციელებას მაინც უფრო ხშირად ახერხებდა. მიუხედავად ამისა, კატალონიელებმა ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ მატჩის მიწურულს მოახერხეს. მე-80 წუთზე, მესის გადაცემა ვილიამ საჯარიმოსთან ახლოს მიიღო. ერთი შეხედვით, შეტევა მასპინძლებს განსაკუთრებულ ხიფათს არ უქადდა, მაგრამ 90 წუთის განმავლობაში ერთადერთი შეცდომა დაუშვა კუელარმა, რომელიც წინ უდროოდ გამოვიდა და ბურთის თავზე გადაგდებით, ვილიას ყოფილი გუნდის კარში გოლის გატანის საშუალება მისცა. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში, „კამპ ნოუზე" გამართულ შეხვედრაში, ერთადერთი გოლი სწორედ ვილიამ გაიტანა, მაგრამ იმ მატჩისგან განსხვავებით, „ბარსას" შვიდიანის გუშინდელმა გოლმა გუნდს მხოლოდ ერთი ქულა მოუტანა. შეხვედრის დარჩენილ ნაწილში, სტუმრები ბევრს ეცადნენ თამაშის გადარჩენას, მაგრამ „სპორტინგის" ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და დაამტკიცეს, რომ ფეხბურთში შეუჩერებელი არავინაა.
„ბარსელონასგან" განსხვავებით, პირველი გოლის საკუთარ კარში მიღების მიუხედავად, შინ 3 ქულით დაბრუნდა „ვალენსია". „ღამურები" მადრიდს ეწვივნენ და დღის ცენტრალურ მატჩში „ატლეტიკოს" გაეჯიბრნენ. ანგარიში მე-3 წუთზე გაიხსნა, როდესაც 3 მეტოქის ჩამოცილების შემდეგ, სტუმართა საჯარიმოში ხოსე ანტონიო რეიესი შეიჭრა და ზუსტი დარტყმით, მიმდინარე გათამაშებაში თავისი მე-3 გოლი გაიტანა. „ვალენსიას" მხსნელად ხოაკინ სანჩესი მოევლინა, რომელმაც ტაიმების მიწურულს თითო გოლი გაიტანა. 41-ე წუთზე, სტუმართა მე-7 ნომერმა, ხორდი ალბას მიერ მარცხენა ფლანგიდან გაკეთებული გადაცემა აქცია გოლად. 86-ე წუთზე კი, ერნანდესის დაგორებულ ბურთს, ხოაკინმა ფეხი საჯარიმოს წინა ხაზიდან დაჰკრა და გუნდს 3 ქულა მოუტანა. არავინ იცის, რა მოხდებოდა, 58-ე წუთზე რომ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეესრულებინა დიეგო ფორლანს. ურუგვაელი ფეხბურთელი რეიესის საპენალტედ დაცემის შემდეგ მივიდა სტანდარტის შესასრულებლად, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. შეხვედრის ბოლო დასამახსოვრებელი მომენტი მოედნიდან გოდინის გაძევება იყო. მასპინძელთა მცველმა წითელი ბარათი ხოაკინთან უხეშობისთვის მიიღო.
წითელი ბარათითა და გაცუდებული თერთმეტმეტრიანით გამოირჩა დღის ბოლო მატჩიც. სანტანდერში, ერთმანეთის პირისპირ ცუდ ფორმაში მყოფი ორი გუნდი შეხვდა. მწვრთნელგამოცვლილ „რასინგს" ბოლო 7 მატჩში არ ემარჯვა, მის მეტოქე „სევილიას" კი უკანასკნელი 2 შეხვედრა ჰქონდა ფრედ დასრულებული. „ელ სარდინეროზე" გამართული მატჩი ძალზე დრამატული გამოდგა. მე-12 წუთზე, ახლო მანძილიდან, ფერნანდესმა მასპინძლები წინ გაიყვანა. 5 წუთში, კრისტიანის მიერ ხესუს ნავასის წესების დარღვევით შეჩერებისთვის მსაჯმა პენალტი დანიშნა, მაგრამ ნეგრედომ, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან, მეკარეს ვერ აჯობა. მე-19 წუთზე, „სევილიას" ახალწვეულმა, ივან რაკიტიჩმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და სტუმრები ძალზე რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. ხორვატმა ფეხბურთელმა დანაშაული ტაიმის მიწურულს გამოისყიდა, როდესაც ფასიოს უპასა ზუსტად და უკვე კაცნაკლული მეტოქის კარში პირველი ბურთი გაატანინა. 83-ე წუთზე, მასპინძელთა კარში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. კაპელის წაქცევის შემდეგ, სტანდარტის შესასრულებლად უკვე ლუიშ ფაბიანუ მივიდა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა. „სევილიელებმა" მატჩის მოგება გადაწყვიტეს და წინ დიდი ძალით წავიდნენ. პირველ დამატებულ წუთზე, მათი მეკარე წინ იმდენად შორს იყო გამოსული, რომ კონტრშეტევის დროს, კარში დაბრუნება ვერ მოასწრო და შორეული დარტყმით, არანას 3 ქულის მომტანი გოლის გატანის საშუალება მისცა.
მადრიდი,"ვისენტე კალდერონი”47000
ატლეტიკო-ვალენსია 1:2 (1:1)
ატლეტიკო(4-4-2): დე ხეა, ვალერა, პერეა, გოდინი, ლოპესი, მერიდა (ხუანფრანი 63), გარსია (სუარესი 82), ტიაგო, რეიესი, აგუერო, ფორლანი
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი
ვალენსია(5-4-1): გუაიტა, ბრუნო (მიგელი 75), სტანკევიჩუსი, მადურო (ნავარო 79), კოშტა, ალბა, ხოაკინი, ტოპალი, ტ. კოსტა, ერნანდესი, სოლდადო (ადურისი 64)
მწვრთნელი: უნაი ემერი
გოლები: 1:0 რეიესი (3), 1:1 ხოაკინი (41), 1:2 ხოაკინი (86)
57-ე წუთზე, ფორლანმა ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი (ძელი)
გაფრთხილება: ფორლანი 44, სუარესი 85 - ტ. კოსტა 34, მადურო 57, ალბა 59, ტოპალი 78
გაძევება: გოდინი 90
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი
დარტყმა15 (5)-11 (2); ჯარიმა14-17; კუთხური13-5; თამაშგარე2-2; ბურთისფლობა44%-56%;სეივი0-4
ხიხონი,"ელ მოლინიონი”23000
ხიხონი-ბარსელონა 1:1 (1:0)
ხიხონი(4-2-3-1): კუელარი, სასტრე, ბოტია, ერნანდესი, ხოსე ანხელი, კაზესი, კასტრო, დე ლას კუევასი (კანელა 59), დ. კასტრო (ბილიჩი 88), ნოვო (კარმელო 66), ბარალი
მწვრთნელი: მანუელ პრესიადი
ბარსელონა(4-3-3): ვალდესი, ალვეში, პიკე, მილიტო (კეიტა 66), მაქსველი, მასკერანო, ხავი, ინიესტა (ბოიანი 80), აფელაი (პედრო 46), მესი, ვილია
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა
გოლები: 1:0 ბარალი (16), 1:1 ვილია (80)
გაფრთხილება: ბარალი 13, ხოსე ანხელი 35, სასტრე 84, კუელარი 90 - მასკერანო 18, აფელაი 44, პინტო 66 (სათადარიგო), პედრო 72, ხავი 77, ვალდესი 90
მსაჯი: პერეს ლასა
დარტყმა7 (1)-15 (6); ჯარიმა17-8; კუთხური4-10; თამაშგარე2-3; ბურთისფლობა19%-81%; სეივი5-0
სანტანდერი,"ელ სარდინერო”20000
რასინგი-სევილია 3:2 (2:1)
რასინგი(4-2-3-1): ტონიო, პინილიოსი, ენრიკე, ტორეხონი, ფერნანდესი, კოლსა, ლასენი, კენედი, მუნიტისი (სისმა 46), გონსალესი (არანა 61), არიელი (დოს სანტოსი 70)
მწვრთნელი: მარსელინიო
სევილია(4-2-3-1): პალოპი, დაბო (კაპელი 52), ალექსისი (ლუიშ ფაბიანუ 43), ესკუდე, ნავარო, ფასიო, მედელი, ნავასი, რაკიტიჩი, პეროტი (აკოსტა 77), ნეგრედო
მწვრთნელი: გრეგორიო მანსანო
გოლები: 1:0 ფერნანდესი (12), 2:0 რაკიტიჩი (19, ს.კ.), 2:1 ფასიო (40), 2:2 ლუიშ ფაბიანუ (83, პენ), 3:2 არანა (90)
მე-17 წუთზე, ნეგრედომ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი (მეკარე)
გაფრთხილება: მუნიტისი 25, არიელი 45, კენედი 83, პინილიოსი 85 - ნეგრედო 67, აკოსტა 85, ფასიო 90
გაძევება: ფერნანდესი 39
მსაჯი: იტურალდე გონსალესი
დარტყმა8 (4)-19 (6); ჯარიმა19-10; კუთხური1-7; თამაშგარე3-0; ბურთისფლობა28%-72%; სეივი4-2