კვირა, 2021-03-07, 11:37 AM
amiko-sport.ucoz.com
 
საიტის მენიუ

amiko-sport.ucoz.c
what is my ip address?

mini chat

სტატისტიკა
MARKET.GE - Georgian Market - Georgia Business Directory & Trade Centre - Tbilisi, Caucasus
ტოპ საიტები Gewap-top www.top.bydem.ru Top waplog rosban.su
free counters web site analyser
statistics in vBulletin

We accept eMoney

SKYPE

მთავარი » 2011 » თებერვალი » 3 » ნეაპოლელთა საყვარელი ფეხბურთელი და პიცა – ედინსონ კავანი
10:38 PM
ნეაპოლელთა საყვარელი ფეხბურთელი და პიცა – ედინსონ კავანი
რასაც ნეაპოლში ჩასული უცხოელი ფეხბურთელები ლამის მთელ კარიერას ანდომებენ, ედინსონ კავანის მხოლოდ ნახევარი სეზონი დასჭირდა – ურუგვაელი ფორვარდი "სან პაოლოს” მომთხოვნი და ჭირვეული პუბლიკის საყვარელი ფეხბურთელი გახდა. ერთი რომელიმე ფეხბურთელის ირგვლივ, ნეაპოლში ამგვარი აჟიოტაჟი მას შემდეგ არ ყოფილა, რაც "ნაპოლის” ღირსებას თვით დიეგო არმანდო მარადონა იცავდა. ლეგენდარული არგენტინელის წინამძღოლობით, "პარტენოპეიმ” სკუდეტო მოიგო, ნეაპოლში კი ყველაზე პოპულარული კერძი, პიცა - "მარადონა” იყო. ჯერჯერობით, იტალიის სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირს ნეაპოლელებისთვის ჩემპიონობა არ მოუპოვებია, არც დიეგო არმანდოს დიდება დაუმსახურებია, თუმცა, სამხრეთიტალიურ ქალაქში პიცა - "კავანი” უკვე გამოჩნდა საზკვების ობიექტთა მენიუში.
ედინსონ კავანი 1987 წლის 14 თებერვალს, არგენტინის საზღვართან მდებარე პატარა ურუგვაულ ქალაქ სალტოში დაიბადა. ცნობისთვის, ამავე დასახლებულ პუნქტში მოევლინა სამყაროს ამსტერდამის "აიაქსის” ამჟამინდელი კაპიტანი ლუის სუარესი, კავანის კი, უკვე 12 წლიდან ქვეყნის დედაქალაქ მონტევიდეოს წამყვანი კლუბები თავისთან იწვევდნენ. ედინსონისთვის მშობლების სიტყვა კანონი იყო, თანაც მამამისი პროფესიონალი ფეხბურთელი გახლდათ და როდესაც მშობელმა ურჩია, ცოტა ხანი ნუ იჩქარებ დიდ გუნდში გადასვლას, ოსტატობა და ფიზიკური მონაცემები გააუმჯობესე და შენი დროც მოვაო, მამის აზრი გაითვალისწინა და ფეხბურთის თამაში თანატოლებთან სამოყვარულო დონეზე განაგრძო. ბავშვობაში კავანი გამხდარი, სუსტი აღნაგობის ბიჭუნა იყო და ამის გამო "მორბენალი ჩონჩხი” შეარქვეს. ედინსონი 9 წლით უფროსი ძმის, ვალტერის ანტიპოდი იყო. კავანი-უფროსი ჩაფსკვნილი, ფიზიკურად მძლავრი ფეხბურთელი იყო და ურუგვაის ნაკრებში 2 მატჩიც აქვს ჩატარებული. საკლუბო კარიერას რაც შეეხება, ვალტერმა ბევრ ურუგვაულ და უცხოურ კლუბებში ითამაშა. გარკვეული პერიოდი მან აზერბაიჯანშიც კი გაატარა, სადაც იქაური "ინტერისა” და "ნეფთჩის” ღირსებას იცავდა. ვალტერის ერთ-ერთი გუნდი "დანუბიო” გახლდათ, ედინსონმა კი სწორედ ამ გუნდში დაიწყო თავისი პროფესიული კარიერა. იმხანად კავანი-უმცროსი 17 წლისა და ფიზიკურად საგრძნობლად მომძლავრებული იყო. საერთოდ, "დანუბიო” ახალგაზრდა მოთამაშეების აღმოჩენა-დაფრთიანებითაა ცნობილი და ამ გუნდის სკოლა სალაიეტას, რეკობასა და ჩევანტონსაც გაუვლიათ. ედინსონს დებიუტი 2006 წელს ჰქონდა, თავისივე პირველივე სეზონში, თინეიჯერმა ფორვარდმა 9 გოლის გატანა მოახერხა და "დანუბიოს” აპერტურის მოგებაში დაეხმარა. მოყვარულმა ფოტოგრაფმა ედინსონმა კი -  პირველი ხელფასით Canon E50 იყიდა და იხსენებს, აპარატის შეძენამ ისე გამახარა, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგულებოდაო. ფართო საფეხბურთო საზოგადოების ყურადღება კი კავანიმ პირველად სამხრეთ ამერიკის 2007 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის მსვლელობისას მიიპყრო. ურუგვაიმ ტურნირი მე-3 პოზიციაზე დაასრულა, ედინსონი კი 7 გატანილი გოლით, გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. სნაიპერთა დავაში მან ალეშანდრუ პატუსა და არტურო ვიდალს აჯობა, რაც თავისთავად უკვე ბევრზე მეტყველებდა. ცხადია, კავანი საფეხბურთო სკაუტების თვალთახედვის არეში მოხვდა. ედინსონის გადაბირება "მილანმა” და "იუვენტუსმაც” კი მოიწადინეს, მაგრამ გრანდებს სიცილიურმა "პალერმომ” აჯობა და ამ გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ სადებიუტო მატჩშივე აალაპარაკა არა მარტო კუნძულელთა გულშემატკივრები, არამედ აპენინის ნახევარკუნძული. "ფიორენტინასთან” მე-2 ტაიმის დასაწყისში პალერმოელები 0:1-ს აგებდნენ, როცა მწვრთნელებმა მინდორზე ედინსონი შეუშვეს. ურუგვაელმა მალე წინასამატჩო სტატუს-კვო აღადგინა, თანაც ეს ისეთი მოხდენილი დარტყმით გააკეთა, მეორე დღეს იტალიური გაზეთები კავანის საშემსრულებლო ოსტატობას მარკო ვან ბასტენისას ადარებდნენ – ედინსონის გოლი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ევროპის 1988 წლის ფინალში ჰოლანდიელის მიერ რინატ დასაევის კარში შეგდებულ ბურთს. თუმცა, ბრწყინვალე დასაწყისს საკმაოდ უფერული გაგრძელება მოჰყვა. "პალერმოს” იმდროინდელი "ალენატორე”, ფრანჩესკო გვიდოლინი ახალგაზრდა ურუგვაელს ნაკლებად ენდობოდა და შეტევაში აქცენტს ამაური-მიკოლის ტანდემზე აკეთებდა. მწვრთნელს ედინსონი უმეტესწილად შეცვლებზე შეჰყავდა, ან ნახევარდაცვის ფლანგზე ათამაშებდა. კავანის რეგულარულად მხოლოდ ურუგვაის ნაკრებში ათამაშებდნენ, რომლის რიგებშიც, საკლუბო კარიერის მსგავსად, პირველივე შეხვედრაში ედინსონმა კოლუმბიელებს გაუტანა. ევროპული პასპორტის მქონე ედინსონის (მისი ბაბუა ურუგვაიში გადასახლებამდე იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მარანელოში ცხოვრობდა) საფეხბურთო კარიერის აღმასვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ამაური ტურინში გადავიდა, გვიდოლინის კი პოსტი დაატოვებინეს. კავანი "მინიატურულ” მიკოლის შეუწყვილეს და სამხრეთამერიკელმაც თავისი ბომბარდირული ნიჭი აამოქმედა – 2008-09 წლების სეზონში მან 14-ჯერ დაამწუხრა მოწინააღმდეგეთა მეკარეები, მომდევნო ჩემპიონატში კი 13-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ამასთან, ედინსონი სამხრეთელ მაყურებელს ნაირ-ნაირი ფინტებითა და დარტყმებით ახარებდა. პალერმოელთა კლუბის მეპატრონემ, მაურიციო ძამპარინიმ ურუგვაელს ახალი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა და კავანიმაც უყოყმანოდ გაახანგრძლივა ხელშეკრულება. ამის მიუხედავად, ედინსონი პალერმოში დიდხანს არ შეყოვნებულა. სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატის (კავანიმ მუნდიალზე თავი თითო გოლითა და შედეგიანი პასით გამოიჩინა) დასრულების შემდეგ, მან ნეაპოლში გადასვლა გადაწყვიტა. სიცილიელებმა კავანის სანაცვლოდ, 5 მილიონი ევრო უკვე მიიღეს, კონტრაქტით გათვალისწინებულ დარჩენილ 12 მილიონს კი, "პალერმო” 2014 წლის დასრულებამდე მიიღებს. "ძალიან არ მსურს სიცილიელმა ტიფოზებმა მოღალატედ ჩამთვალონ, უბრალოდ, კუნძულზე გატარებული 4 წლის შემდეგ, ახალი მოტივაცია მჭირდება. მოლაპარაკებას "ინტერსა” და "ტოტენჰემთან” ვაწარმოებდი, მაგრამ ნეაპოლელთა პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ყველაზე მიმზიდველი წინადადებით მომმართა. ღმერთის მადლობელი ვარ, ამ ულამაზეს ქალაქში და ბრწყინვალე ადამიანებთან რომ მოვხვდი” - ეს სიტყვები ედინსონ კავანიმ "გაზეტა დელო სპორტის” კორესპონდენტს მას შემდეგ უთხრა, რაც "ნაპოლისთან” ხელშეკრულება 2015 წლის ივნისამდე გააფორმა. კონტრაქტის ძალით, ურუგვაელი ხელფასის სახით, ყოველწლიურად 1,35 მილიონ ევროს დაისვამს საბანკო ანგარიშზე. ამასთან, საფეხბურთო მიმომხილველები უკვე თამამად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ ედინსონი ამ ჯამაგირს არ დასჯერდება და მალე კონტრაქტის გადახედვის საკითხს აუცილებლად დასვამს კლუბის ხელმძღვანელობის წინაშე.
მანამდე კი კავანი გოლების გატანას განაგრძობს და მარტში მეორე შვილს, "აუცილებლად ვაჟს” (მისი პირველი პირმშო გოგონაა) ელოდება. ედინსონმა მეუღლე მარია მშობლიურ ქალაქ სალტოში გაიცნო და როგორც აცხადებს, 9 იანვარს, "იუვენტუსისა” და გუშინწინ "სამპდორიას” კარში გატანილი 3-3 გოლი კავანიმ ცოლს მიუძღვნა. უნდა აღინიშნოს, რომ ედინსონისა და მარიას მშობლები ერთი კლუბის, Polisportiva Salto-ს ღირსებას იცავდნენ. ოღონდ ერთია, კავანის მამა ფეხბურთელთა გუნდში თამაშობდა, მისი მომავალი მეუღლის მშობელი კი, კლუბის კალათბურთელთა კოლექტივის წარმატებული წევრი იყო.
ედინსონ კავანი მიმდინარე სეზონში "ნაპოლისთან” ერთად, როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე (ნეაპოლელები ევროპის ლიგის ფლეი ოფში არიან გასულები) გამოსვლას გეგმავს, გულშემატკივართა ვარაუდით კი, მომავალ ზაფხულს, ურუგვაელი ფორვარდის გადაბირებას ერთდროულად რამდენიმე ევროგრანდი მოიწადინებს.
ნანახია: 761 | დაამატა: amirani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

Block title

ძებნა

კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28

ჩანაწერების არქივი

brawzer

Block title

Copyright MyCorp © 2021Free web hosting - uCoz